შაბათს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ამსტერდამში, „რაგბის ეროვნული ცენტრის“ სტადიონზე ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება. ეს იქნება „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩი.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის სტარტი ბორჯღალოსნებს წარუმატებელი გამოუვიდათ – „მიხეილ მესხზე“ პორტუგალიელ „მგლებთან“ კინაღამ წააგეს და მხოლოდ ფრეს გამორჩნენ – 25:25.

ამ ჩავარდნას მრავალი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზი ჰქონდა, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი – დერეფანში კვაჭებისა და მხტომელების ასინქრონული, აბსოლუტურად შეუთანხმებელი მოქმედებები.

ამ მხრივ ალბათ გვეშველება – ერთი კვირის წინანდელი გუნდის ახალგაზრდა კვაჭები თავთავიანთ კლუბებს დაუბრუნდნენ, ხოლო ნიდერლანდებში ამ საკვანძო პოზიციას კორონა ვირუსისგან განკურნებულები –  შალვა მამუკაშვილი (სასტარტო) და გიორგი ჭყოიძე (სამარქაფო) დაიკავებენ.

„აჟენში“ დაბრუნდა მეორეხაზელი გრიგორ ქერდიყოშვილი, ვინც ლელო კი გაიტანა, მაგრამ მხტომელად ვერ ივარგა და მის ნაცვლად განაცხადში გიორგი ჯავახია მოხვდა.

კორონა გიო ცუცქირიძემაც დაამარცხა და ისიც სასტარტოშია. ტრავმირებული ბექა გიგაშვილის ნაცვლად მარქაფაში თავი ნიკოლოზ ხატიაშვილმა ამოყო, მარქაფაშივეა გიორგი ბაბუნაშვილი, დებიუტანტი კი ერთადერთი გვეყოლება – თბილისის „ლელოს“ 18 წლის უკანახაზელი თორნიკე კახოიძე.

რაც შეეხება ნიდერლანდების ნაკრებთან შეხვედრათა ისტორიას, 12 თებერვალს ეს მეტოქეები ერთმანეთს მეხუთედ დაუპირისპირდებიან. 4-ჯერ ქართველებმა იმარჯვეს, ერთხელ, გაგიკვირდებათ და, ნიდერლანდელებმა. თანაც არ იკითხავთ, რა ანგარიშით – 55:3!

ეს უკვე შორეულ 1995 -ში მოხდა, როცა დანგრეულ-ჩაბნელებული თბილისიდან დასავლეთში პირველად მოხვედრილმა ქართველებმა მატჩისწინა ღამე გასართობ დაწესებულებებში გაატარეს და გამოუძინებელ ბორჯღალოსნებთან გამკლავება მოყვარულ ჰოლანდიელებს არც გასჭირვებიათ.

2000 წელს, „ეროვნულზე“ რევანში შედგა – 41:6, ერთი წლის შემდეგ, ამსტერდამში – 32:3, ხოლო 2002-ში, კვლავ თბილისის „ეროვნულზე“ – 88:0!

შემდეგ იყო ნიდერლანდური რაგბის ხანგრძლივი კრიზისი, რომელიც შარშან დასრულდა. თელავში ქართველებმა შედარებით მოკრძალებულად მოიგეს – 48:15. ჰოდა, შაბათს ანგარიში მაქსიმალური უნდა იყოს, რადგან პორტუგალიასთან დაკარგული ქულების ფონზე ჩემპიონობის ბედი არა მხოლოდ ბორჯღალოსნებზე იქნება დამოკიდებული და შესაძლოა საქმე დამატებითი მაჩვენებლების დათვლაზე მიდგეს. ამიტომაც ყველა დარჩენილ მატჩს დიდი პრაქტიკული დატვირთვა ექნება.

მოკლედ, 12 თებერვალს, 16:15-ზე ნიდერლანდები და საქართველო ერთმანეთს ამსტერდამში შეერკინებიან. მანამდე, 14 საათზე სოჭში რუსები ესპანელებს უმასპინძლებენ, რომელმაც ჩვენს მორიგ მეტოქეს პირველ ტურში კუდით ქვა ასროლინა – 43:0. 19:00-ზე კი, ბუქარესტში რუმინეთის ნაკრები პორტუგალიისას დაუპირისპირდება და ამ მატჩის შედეგს უდიდესი მნიშვნელობა ექნება ორი წლის შემაჯამებელი საკვალიფიკაციო ტურნირისთვის, რომლის გამარჯვებული და მეორეადგილოსანი პირდაპირ გადიან 2023 წლის მსოფლიო თასზე, ხოლო მესამეადგილოსანს ე. წ. რეპეშაჟის გავლა მოუწევს.

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ნიდერლანდების ნაკრებთან მატჩში:

  1. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 68 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 85, 55), 3. ლუკა ჯაფარიძე (ბრივი, 4, 0), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 34, 0), 5. ლაშა ჯაიანი (შავი ლომი, 13, 0), 6. ოთარ გიორგაძე (ბრივი, 30, 25), 7. გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, 23, 15), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 13, 15), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 61, 55), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი, 29, 198), 11. დავით მესხი (ენისეი-სტმ, 1, 0), 12. მერაბ შარიქაძე (კაპიტანი, შავი ლომი, 81, 60), 13. დემე თაფლაძე (შავი ლომი, 13, 5), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 16, 65), 15. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 89, 53).

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა, 19, 5), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 26, 10), 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი (შავი ლომი, 6, 0), 19. გიორგი ჯავახია (ორიაკი, 7, 5), 20. სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი, 1, 0) 21. გელა აფრასიძე (მონპელიე, 36, 24), 22. თორნიკე კახოიძე (ლელო, 0, 0), 23. გიორგი ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 4, 9).