კლუბთა მსოფლიო თასის ნახევარფინალში „ჩელსიმ“ საუდის არაბეთის გუნდ „ალ ჰაილის“ 1:0 მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც 12 თებერვალს „პალმეირასს“ შეხვდება — ბრაზილიელებმა 2:0 სძლიეს ეგვიპტის „ალ აჰლის“.

კაცმა რომ თქვას, ის, რომ ლონდონელები მეტოქეს დაამარცხებდნენ მოულოდნელი არ ყოფილა, როგორც ის, რომ იოლი გასეირნებაც არ ექნებოდათ. სწორედ ამიტომ მიიპყრო საყოველთაო ყურადღება „ლურჯების“ ბასკმა მეკარემ კეპა არისაბალაგამ, რომელმაც ჩინებულად მოიგერია არაბთა არაერთი დარტყმა.

კეპას თამაშს ინგლისში დიდი გამოხმაურება ჰქონდა. სოციალური ქსელები გაივსო მეკარის მხარდამჭერი კომენტარებით. შეგახსენებთ, რომ „ჩელსის“ ჰყავს კიდევ ერთი ძლიერი მეკარე ედუარ მენდი, რომელმაც სენეგალის ნაკრებთან ერთად აფრიკის ერთა თასი მოიგო და ამ დღეებში ლონდონში დაბრუნდება. სავარაუდოა, რომ დაბრუნების შემდეგ მენდი კვლავ „ლურჯების“ მთავარი მეკარე გახდება, ხოლო კეპა სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს. არადა, აბუ დაბიში მიმდინარე შეჯიბრებამ აშკარად აჩვენა, რომ ესპანელი საუცხოო ფორმაშია.

გულშემატკივრები წერენ, რომ კეპას გარეშე „ჩელსი“ „ალ ჰაილის“ ვერ დაამარცხებდა.

ამრიგად, დასავლეთ ლონდონელთა კოვიდიანი მწვრთნელი თომას ტუხელი დილემის წინაშეა, მენდის კი დიდი აფრიკული გამარჯვების მიუხედავად ფრენა მოუწევს, თორემ ფანები არისაბალაგას მხარდასაჭერად არიან შემართულები.

რაც შეეხება საკუთრივ თამაშს, მისი ერთადერთი გოლი რომელუ ლუკაკუმ 32-ე წუთზე გაიტანა.