გთავაზობთ ესპანური გაზეთის AS-ის ჟურნალისტის ნაჩო სანჩისის წერილს გიორგი მამადრაშვილის შესახებ.
მამარდაშვილი კვირას „რეალ სოსიედადთან“ შეხვედრაში მოედანს დაუბრუნდა. ეს მოხდა მისი ბოლო გამოჩენიდან ხუთი თვის შემდეგ — ამ ხუთი თვის განმავლობაში ის თასზეც კი არ ათამაშეს, — მაგრამ ყველაფრის მიუხედავად მან გოლი არ გაუშვა, ორჯერ ჩინებულად იხსნა კარი და „მესტალიას“ ტრიბუნებზე კვლავ დაიმსახურა აღფრთოვანება და ოვაცია.
ისევე როგორც პირველ ექვს შეხვედრაში, ქართველმა ამჯერადაც გვაჩვენა, რომ გარდა მომავლისა ის გუნდის დღევანდელი დღეც არის. ის კარში იდგა და „ვალენსიამ“ გოლი არ გაუშვა, ასეთი რაღაც კი ნოემბრის მერე არ მომხდარა. სულ, მიმდინარე სეზონში, გუნდმა მხოლოდ ექვს შეხვედრაში არ გაუშვა გოლი და საინტერესოა, რომ ამ ექვსი შეხვედრიდან სამში კარს სწორედ მამარდაშვილი იცავდა. არადა, მან ლა ლიგაში შვიდჯერ ითამაშა.
გიორგი ბოლო თვეების მანძილზე თავაუწევლად მუშაობდა, რათა გულშემატკივარს მისთვის ისეთი შეხვედრა მოეწყო, როგორიც გუშინ მოუწყო. მისი გარჯა ბორდალასმაც სწორედ დააფასა. ის რამდენჯერმე აპირებდა ქართველის ლა ლიგის მატჩში დაბრუნებას. ბორდალასმა ახალგაზრდა მეკარის იმედგაცრუების საშუალება არ მისცა, მიუხედავად იმისა, რომ სამეფო თასის შეხვედრებში კარში მას კი არა, ხუამე დომენეკს აყენებდა.
სათასო შეხვედრებში სათადარიგოთა სკამზე ჯდომა თავად მეკარესა და კლუბის წარმომადგენელთა გარკვეულ ნაწილში უკმაყოფილებას იწვევდა — ისინი ვერ ხვდებოდნენ რატომ არ ენდობიან გოლკიპერს, რომელმაც აჩვენა, რომ მაღალ დონეზე შეუძლია თამაში — და მიუხედავად ამისა, ბორდალასს გიორგის სულ ან იჯარით გაშვება არ უნდოდა. გიორგიმ და კლუბმა კარგად იციან, რომ ნიჭი არ დაიკარგება, ზეწოლასთან შესაგუებლად კი მას სათამაშო დრო სჭირდებოდა („რეალთან“ და „სევილიასთან“ დაშვებული შეცდომები მოსანელებლად იოლი არ იყო), ამიტომაც იცოდა რა, რომ ლა ლიგა სილესენისა, ხოლო თასი დომენეკის იყო, მან წასვლის შესაძლო ვარიანტებზე დაიწყო ფიქრი. თუმცა, ალიკანტელ მწვრთნელს მამარდაშვილის გაშვება არ უნდოდა. პირიქით, ბორდალასს სურდა მეკარეს მისი ხელმძღვანელობით ევარჯიშა, რათა თუ ზაფხულში სილესენი წავა, შემდეგ სეზონში გიორგის სახით მომზადებული მეკარე ჰყოლოდა.
ამიტომ, გასული კვირის დასაწყისში მწვრთნელი მეკარეს ელაპარაკა, უთხრა მომზადებულიყო. გიორგიმ ივარჯიშა, გაიარა საუბრები, რომლებსაც ძირითადი შემადგენლობის მეკარეებს ჩვეულებრივ უტარებენ ხოლმე და რომ ეგონა თასზე ათამაშებდნენ, ბორდალასმა მას ლა ლიგის შეხვედრა ანდო.
ამ შეხვედრაში მამარდაშვილს კარგი წუთები ჰქონდა, მაგრამ სილესენის დაბრუნებამ მას მთავარი გუნდის კარი შეიძლება კიდევ ჩაუკეტოს. და მაინც, ბორდალასის გუშინდელი მილოცვები და ის თამაში, რომელიც მან „რეალ სოსიედადის“ წინააღმდეგ აჩვენა, იძლევა იმედს, რომ ის „ვალენსიას“ კარში დაბრუნდება.