ლუიშ ფელიპე სკოლარი 73 წლის არის. 40 წელიწადი გავიდა მას მერე, რაც მან მწვრთნელის ხელობას მიჰყო ხელი. 20 წელი სრულდება მას მერე, რაც სკოლარიმ ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახადა.
ლეგენდარულ მწვრთნელს „დეილი მეილმა” ჩამოართვა ინტერვიუ. ჩვენ ამ ინტერვიუს თარგმანს გთავაზობთ:
* რატომ დაანებეთ „ჩელსიში“ მუშაობას თავი?
* რამდენიმე ფეხბურთელთან პრობლემა მქონდა. დიდიე დროგბა დაშავებული იყო. რომ დაბრუნდა გუნდი მის და ნიკოლა ანელკას გარშემო ვერ ავაწყე. ორივეს ველაპარაკე, შევეცადე ამეხსნა როგორ უნდა ეთამაშათ, მაგრამ თავად ვერ მივხვდი, როგორ უნდა მეიძულებინა ისინი ეკეთებინათ ის, რაც ჩავიფიქრე.
თუმცა ჯამში ლონდონიდან მაინც კარგად წავედი: პრემიერლიგაში მეოთხეზე გავედით, მოვიგეთ ფეხბურთის ასოციაციის თასი და ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება მოვიპოვეთ.
სამწუხაროდ, ფეხბურთელებთან კომუნიკაციის პრობლემა მქონდა, მაგრამ მათ რამდენიმე წლის მერე შევხვდი, დაველაპარაკე და ყველაფერი მოგვარდა. ახლა ეს უკვე წარსულია. ყურადღებას აღარ იმსახურებს.
* ინგლისში დარჩენა გინდოდათ?
* პორტუგალიის ნაკრებიდან წამოსულს ცოტა არ იყოს ინგლისელი ჟურნალისტების მეშინოდა. მეგონა, მოედნის მიღმა ამბები უფრო აინტერესებდათ. მერე დავრწმუნდი, რომ ეს მითი ყოფილა. ინგლისელი ჟურნალისტები ჩემს მიმართ ყოველთვის კორექტულები იყვნენ. მათთან კარგი ურთიერთობა მქონდა.
მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ პორტუგალიას ვედექი სათავეში, როდესაც კინაღამ ინგლისის ნაკრები ჩაიბარე. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ უარი ვთქვი, მაგრამ ინგლისში მუშაობა ნამდვილად მინდოდა. აქ ფეხბურთი სხვანაირია. ყველაფერი ძალიან ორგანიზებულია.
* სერ ალექს ფერგიუსონთან მეგობრობდით?
* პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი რომ ვიყავი, ხშირად ვლაპარაკობდით. ლაპარაკის მიზეზიც გვქონდა — კრიშტიანუ რონალდუ. ფერგიუსონი მიყვებოდა, როგორ მუშაობდა რონალდუსთან, რამხელა შრომას დებდა მასში.
მერე, „ჩელსიში“ რომ ვიყავი, ფერგიუსონს პრემიერლიგაში შევხვდი. ინგლისში ძალიან ლამაზი ტრადიციაა — თამაშის დამთავრების შემდეგ მწვრთნელები ერთმანეთს ხვდებიან და ლაპარაკობენ. არავინ ჩხუბობს, ყველა მეგობრობს და ეს მშვენიერია.
„სტემფორდ ბრიჯზე“ 1:1-ის შემდეგ ჩვენ ღვინო დავლიეთ. ის კომპლიმენტებს ამბობდა. ვხუმრობდით კიდეც. როდესაც „სტემფორდ ბრიჯიდან“ წავედი, პირველი ვინც ჩემი ლონდონური პერიოდის შესახებ ილაპარაკა ფერგიუსონი იყო. მან შემაქო და თქვა, რომ კარგი იქნებოდა ინგლისში რომ დავრჩენილიყავი.
* 1999 წლის საკონტინენტთაშორისო თასის ფინალზე რას იტყვით?
* ეს იყო თავიანთ გუნდებთან გაიგივებული ორი მწვრთნელის ბრძოლა. სერ ალექსი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდაა. მე „პალმეირასში“ მაქვს ჩემი ისტორია. ჩვენი მეგობრობა სწორედ მაშინ დაიწყო და დღემდე გრძელდება.
ორივე დიდებული გუნდი იყო. თამაში თანაბრად წარიმართა. „მანჩესტერმა“ მოგვიგო იმ ხერიხთ, რომლის შესახებაც ყველაფერი ვიცოდით და რომლის წინააღმდეგ საგანგებოდ ვემზადებოდით, მაგრამ ხანდახან გუნდის საუკეთესო თვისების დათრგუნვა შეუძლებელია.
* 2006 წელს ინგლისის ნაკრების თავკაცად გნიშნავდნენ. რა მოხდა?
* ინგლისის ფეხბურთის ასოციაციასთან ნაყოფიერი საუბარი მქონდა და შევთანხმდით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ნაკრების მწვრთნელი უნდა გავმხდარიყავი. გარიგება იმიტომ ჩაიშალა, რომ მათ უნდოდათ კონტრაქტისთვის ხელი მუნდიალამდე მომეწერა, მე კი ვიუარე. მათ ჩემპიონატის კალენდარი ვაჩვენე. პორტუგალია მეოთხედფინალში ინგლისთან იკვეთებოდა და ჩემი მხრიდან ერთი გუნდის ხელმძღვანელობა, თუკი მეორესთან უკვე კონტრაქტი მექნებოდა გაფორმებული, ეთიკური არ გამოვიდოდა. ცხოვრებაში საუკეთესო გადაწყვეტილება ხომ ყოველთვის ერთია: საკუთარ სინდისთან მართალი უნდა იყო. ჩვენ მართლაც შევხვდით ინგლისს მეოთხედფინალში და მოვიგეთ.
* პორტუგალიის ნაკრებში მუშაობის პერიოდს როგორ იხსენებთ?
* იმხანად მთავარი ამოცანა პორტუგალიის ნაკრებსა და ხალხს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენა იყო. ჩვენ ამ მხრივ ბევრი ვიმუშავეთ და გუნდს გულშემატკივარი დავუბრუნეთ. პროექტი 2004 და 2006 წლებში კარგად დავიწყეთ, 2016-ში კი პორტუგალიელებმა ეს ყველაფერი უკვე ჩემს გარეშე ევროპის ჩემპიონობით დააგვირგვინეს. პორტუგალიაში მუშაობის წლებს ძალიან თბილად ვიხსენებ.
* კრიშტიანუ რონალდუ რამდენად ძლიერი ფეხბურთელია?
* უჰ, ის ნამდვილი გოლების მანქანაა. ფანტასტიკური ბიჭია. მე კრიშტიანუ პირველად 2003 წელს „სპორტინგში“ ვნახე. თამაშის წყურვილითა და ენერგიით იყო სავსე, მაგრამ მერწმუნეთ, დღეს კიდევ უფრო მეტადაა ამ ყველაფრით შეპყრობილი ვიდრე კარიერის დასაწყისში იყო.
მე მის ასეთ მოთამაშედ ჩამოყალიბებაში დიდი როლი არ მითამაშია, მაგრამ ფერგიუსონს და მისი სიყმაწვილის დროინდელ მწვრთნელებს დიდი ამაგი აქვთ.
* შეიძლება ითქვას, რომ ის ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია ვისაც თქვენს ხელში გაუვლია?
* ყველაზე თავდადებულია. ყველაზე ნიჭიერი ალბათ არ არის. ნიჭი არ გახლავთ ის სიტყვა, რომელიც რონალდუს ცქერისას უპირველეს ყოვლისა მოგვდის თავში. პირველად გახსენდება სიტყვა თავდადება.
* მამამისის გარდაცვალების ამბავი კრიშტიანუს თქვენ შეატყობინეთ?
* უმძიმესი მომენტი იყო. მაშინ ჩვენს შორის განსაკუთრებული კავშირი ჩამოყალიბდა. ეს კავშირი მეტია ვიდრე ფეხბურთელის და მწვრთნელის ურთიერთობა.
მეორე დღეს რუსეთთან უნდა გვეთამაშა. არავინ იცოდა როგორ ეთქვა კრიშტიანუსთვის მამის გარდაცვალების ამბავი. არავის უნდოდა ამის თავზე აღება. მაშინ, ეს მძიმე მისია მე ვიკისრე, რადგან რამდენიმე წლით ადრე თავად დავკარგე მშობლები და ეს განცდა ჩემთვის ნაცნობი იყო.
მეორე დღეს კრიშტიანუმ დიდებულად ითამაშა და პორტუგალიაში დაბრუნდა. მახსოვს, როგორ თქვა: „დღეს მამაჩემს მაინც ვერაფერს გავუკეთებ, ამიტომ ხვალ ვითამაშებ და შინ მერე გავემგზავრები“.
* თქვენ ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახადეთ.
* 2001 წელს, როდესაც ბრაზილიის ნაკრები ჩავიბარე, ჩვენი მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა სათუო იყო. საბოლოოდ მაინც გავედით მუნდიალზე და დავიწყეთ ჩვენთვის სასურველ ფეხბურთელებზე დაყრდნობით, ჩვენებური ფეხბურთის მოთამაშე გუნდის შექმნა. გვყავდა სამი მცველი (ლუსიო, ედმილსონი და როკე ჟუნიორი), რომლებიც კაფუს და რობერტო კარლოსს ამარაგებდნენ პასებით. კაფუ და რობერტო კარლოსი ფაქტობრივად გარემარბები იყვნენ. კიდევ, ჩვენ ჯანმრთელი რონალდო გვჭირდებოდა. მას ტრავმა ჰქონდა, ვერ თამაშობდა, მაგრამ ვენდეთ. რონალდოს და რივალდოს მომზადებაში ძალიან დაგვეხმარა ექიმი ჟოზე ლუიშ რუნკო. მან გვითხრა, რომ რივალდოს ოპერაციის გარეშე დააყენებდა ფეხზე და ასეც მოიქცა.
* მუნდიალზე რონალდინიომ ინგლისს საოცარი გოლი (იხილეთ ვიდეო) გაუტანა. როგორ ფიქრობთ, კარში არტყამდა?
* (იცინის) მე თუ მკითხავთ პასს აკეთებდა. მას მერე ყოველთვის, როდესაც ვიკრიბებით, ამაზე ვეხუმრები. მე ვეუბნები, რომ ის კარში არ უმიზნებდა. გამორიცხულია დაგენახა, რომ დევიდ სიმენი კარიდან გამოსული იყო, მეთქი. ის მპასუხობს: არა, მე სიმენის თამაშის სტილი შევისწავლე და ვიცოდი რასაც გააკეთებდაო. დღემდე მე ჩემსას ვიმეორებ, ის კი თავისას. თუმცა, მთავარი ის იყო, რომ გოლი გავიტანეთ.
* ფინალის წინ ფეხბურთელები თავს როგორ გრძნობდნენ?
* ყველა ნერვიულობდა, თუმცა მწვრთნელის საქმეც ის არის, რომ სპორტსმენებს საკუთარი თავის რწმენა განუმტკიცოს. სხვათა შორის, თამაშის წინა საღამოს ვნახე, რომ სასტუმროს დერეფანში ყველანი გოლფს თამაშობდნენ. თავიდან გამიკვირდა, მაგრამ შემდეგ მომეწონა, რადგან გულს აყოლებდნენ. მაშინ ვიფიქრე, ეს ბიჭები ღამითაც კარგად დაიძინებენ, მეთქი.
ერთი-ორი საათით გოლფის მოთამაშეებს მეც შევუერთდი, მერე კი დასაძინებლად წავედით. მე მათი მწამდა და მართლაც ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონები გავხდით, ისტორია შევქმენით.
* კი მაგრამ, 2014 წელს გერმანიასთან 1:7 წაგება რაღა იყო?
* იმ დღეს ყველაფერი გერმანიის სასარგებლოდ წარიმართა, ბრაზილიას კი ბედმა ზურგი აქცია. გერმანიამ ძალიან გვაჯობა, მაგრამ ყველაფრის ჩემთვის დაბრალება არა მგონია სწორი იყოს. მაშინ ბევრმა მატკინა გული. 2002 წელს ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონები გავხდით, 2014-ში კი დავმარცხდით. ყველაფრის ერთი ადამიანისთვის დაბრალება კი სწორი არ არის და არც მოედანზე გადის ვინმე იმისთვის, რომ დამარცხდეს. 2014 წელს ჩვენ ყველამ წავაგეთ.