ეს ფოტო 1965 წელს არის გადაღებული. მოსკოვში. მარცხნივ, სსრკ ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელი ნიკოლაი მოროზოვია. მარჯვნივ კი ფეოლაა. არა, არა, ის ფეოლა კი არა, ნამდვილი ფეოლა! ვისენტე ფეოლა! ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი!
ვფიქრობ, ზედმეტია იმის დაზუსტება, რომ ვისენტემ კი არ დაირქვა იპოლიტე ხვიჩიას ცნობილი პერსონაჟის სახელი, პირიქით – ამ ფეოლას სახელი შეარქვეს შეუდარებელი იპოლიტეს პერსონაჟს!
მაშინ, ბრაზილიელთა ამ ვიზიტის დროს, ყოველკვირეულ „ფუტბოლში“ გამოქვეყნდა მისი ინტერვიუ, სადაც დაიბეჭდა კიდეც პირველად ფეოლას ცნობილი, მოგვიანებით მოარულად ქცეული ფრაზა – „ფეხბურთი ძალიან უბრალოა, ღირს კი ამაზე ლაპარაკი?“.
ჰმ, რა ენაღვლებოდა, რა! უბრალო იქნება, აბა რა, როცა გუნდში გყავს ხვედელიძ… უკაცრავად, მომიტევეთ, პელე, გარინჩა, ზაგალო, დიდი, ჟერსონი… ყველაფერი უბრალო, მარტივია და ოქროს ქალღმერთი ნიკეც კი, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, თავად ილტვის შენსკენ ყოველთვის!
ოჰ, ეს ქალები, რას გაუგებ მათ ახირებებს! ისე, სიტყვამ მოიტანა და დიდი იოჰან კრუიფიც ფეოლას აზრისა იყო. ნუუ, თითქმის, პრინციპში – „ფეხბურთი მარტივი თამაშია, მაგრამ მარტივი ფეხბურთის თამაშია რთული!“. ეეჰ, არ ჰყავდა კრუიფს ხვე… ვააა! ერთხელაც მომიტევეთ დიდსულოვნად! არ ჰყავდა პელე, გარინჩა… თორემ… ფეხბურთი რისი ფეხბურთი იქნებოდა, ყველა ერთი აზრისა რომ იყოს. მაგალითად? კი ბატონო!
განუმეორებელი, „ლივერპულის“ გამლივერპულებელი, როხროხა შოტლანდიელი ბილ შენკლი და მისი სიტყვები ხომ ყველამ ვიცით – „ზოგი ამბობს, რომ ფეხბურთი სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა. ეს აღმაშფოთებელია! ფეხბურთი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია!“.
ესეც მაგალითი, ბატონო! ვერც შეეკამათები! მოდი და ეკამათე კაცს რომელმაც ერთხელ ჟურნალისტებს განუცხადა – „მე მაბრალებენ, თითქოს საკუთარი ქორწინების დღეს, ჩემი მეუღლისთვის საჩუქრად, იგი „როჩდეილის“ ახალგაზრდული გუნდის თამაშზე წავიყვანე. ტყუილია! ეს ჩემი ცოლის დაბადების დღეს იყო! აბა, შეშლილი ხომ არ ვარ გაგანია სეზონის მსვლელობისას დავქორწინებულიყავი!“.
არაა, კამათს აზრი არა აქვს! რას იზამ, კაცია და გუნება! თორემ, დიმიტრი შესტაკოვიჩს რაღა რჯიდა „ფეხბურთი არის ბალეტი მასებისთვისო“ რომ განაცხადა?! კიდევ კარგი ამ სიტყვებმა შენკლის ყურამდე ვერ მიაღწია.
ისე, შენკლის არც მისი მემკვიდრე ბობ პეისლი ჩამორჩებოდა დიდად – „რა პრობლემაა?! თუ არ იცი რა უყო ბურთს, შეაგდე ბადეში! მერე კი დავსხდებით და ყველა ნიუანსს განვიხილავთ!”.
ვერც აქ იკამათებ, კაცი! თუმცა, რაღაა სალაპარაკო, როცა თვით ალბერ კამიუ გვარწმუნებს – „რაც მე ვიცი ზნეობასა და მორალზე, ფეხბურთს უნდა ვუმადლოდე!“. ალბერ კამიუ!!!
ამის მერე გამოვა ვინმე ჩეფირინი თუ ჩეფერინი და ფეხბურთის წესებში ცვლილებები უნდა შევიტანოო! მაგას ვინღა ეკითხება?! გენიოსი კამიუს მასწავლებელს უსწორებს რაღაცეებს?! მილიონობით დედამიწელის ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ნაწილში ბედავს ხელების ფათურს?!
პაოლო ჩეზარეს ძე მალდინიმ თქვა როგორღაც – „ინგლისელები ყოველთვის საშიში მოწინააღმდეგენი არიან! ყველაფერია მოსალოდნელი ხალხისგან, რომელმაც ავტომობილს საჭე უკუღმა მიამაგრეს!“.
მულო შენ გეუბნები, რძალო შენ გაიგონეო! ძალიან საშიშია, გაუკუღმართებული ხალხი, ყველაფერია მოსალოდნელი, ადამიანებისგან, რომლებიც კამიუს შთაგონების წყაროს ამღვრევენ!
ასე არ არის?! აფსუს, ბილ შენკლი იყოს ცოცხალი…