„რეალი“ ლა ლიგის ცხრილში 6 ქულით დაწინაურდა. ეს იმიტომ მოხდა, რაც „თეთრებმა“ „გრანადას“ მოუგეს 1:0.
წინა დღეს, „რეალის“ უახლოესმა მდევარმა, „სევილიამ“, „ოსასუნასთან“ 0:0 ითამაშა — ორი ქულა დაკარგა.
„გრანადასთან“ შეხვედრაში „რეალს“ ციდან ვარსკვლავები არ მოუწყვეტია, მაგრამ თავისი გააკეთა და სამი ქულა მიიწერა.
კარლო ანჩელოტის გუნდის საუკეთესო მოთამაშე მარკო ასენსიო გახლდათ. მას პირველ ტაიმში გოლი გატანის ორი ხელსაყრელი შესაძლებლობა ჰქონდა.
შესვენების შემდეგ ანჩელოტიმ ინტენსივობის გასაძლიერებლად ფეხბურთელების შეცვლა დაიწყო. ყველაზე მწვავე მოთამაშედ კვლავ ასენსიო დარჩა. საბოლოოდ, მატჩის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე, მან დახვეწილი დარტყმით შეხვედრის ერთადერთი გოლი შეაგდო.
„ასენსიო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ის მაღალი კლასის თავდადებული მოთამაშეა. ასენსიოს საუკეთესო ილეთი კარში დარტყმაა და დღეს სწორედ ამის წყალობით გავიმარჯვეთ“, — თქვა მატჩის შემდეგ კარლო ანჩელოტიმ.
შემდეგ ტურში „რეალი“ სტუმრად თამაშობს „ვილიარეალთან“.