ესღა აკლდა პრობლემებით დატვირთულ „მანჩესტერ იუნაიტედს“. ფეხბურთელები მეისონ გრინვუდის დაჭერის გამო წაკიდებიან ერთმანეთს.

როგორც ცნობილია, მოთამაშეების ნაწილმა, მათ შორის ედინსონ კავანიმ, კრიშტიანუ რონალდუმ, ვიკტორ ლინდელოფმა და სხვებმა 20 წლის თავდამსხმელი სოციალურ ქსელებში მეგობრებიდან წაშალეს და მის მიმართ მკაცრი პოზიცია დაიკავეს. ეს იმიტომ მოხდა, რომ გრინვუდი ჩავარდა. მას ქალის გაუპატიურებასა და ცემას სდებენ ბრალად.

კავანის, რონალდუს, ლინდელოფის და სხვათა ასეთმა პოზიციამ ფეხბურთელების მეორე ნაწილი გააბრაზა. „სანმა“ კლუბიდან მოიპოვა ინფორმაცია, რომ ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეთა მეორე ჯგუფმა თქვა, რომ მეგობრის შერისხვა, სანამ არ დამტკიცდება რომ ის დამნაშავეა, ცუდი საქციელია.

კაცმა, რომელმაც „სანს“ კლუბის შიდა ამბები ჩაუკაკლა თქვა: „განსაკუთრებით ერთი ფეხბურთელი გაცხარდა. მან თქვა, გუნდში ერთსულოვნება რომ არ არის, სწორედ მეისონის შერისხვიდან ჩანს, განა სხვა რამიდანო.

თუ გრინვუდს ბრალს დაუმტკიცებენ, მაშინ სხვა იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე პოლიციას იმდენი სამხილიც კი არ აქვს, თავდამსხმელი რომ დააპატიმროს. მოკლედ, ის თანაგუნდელები, რომლებიც მეისონთან მეგობრობენ, ამბობენ, რომ ნაჩქარევი რეაქციები საჭირო არ იყო“.

თუმცა, ადამიანებს ნაჩქარევი რეაქცია სჩვევიათ. ასე მაგალითად, ზოგმა ფანმა მეისონ გრინვუდის 65 გირვანქად ღირებული მაისურა დემონსტრაციულად დაწვა კიდეც.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ გერმანელმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა თქვა: „მეისონ გრინვუდის დაჭერა გუნდის მთავარი სალაპარაკო თემა გახდა. ჩვენ ამის შესახებ ერთმანეთში ვილაპარაკეთ და იმედი მაქვს ყველა ხვდება, რომ ის რაც ერთმანეთში ითქმება, გარეთ არ უნდა გავიდეს. მდგომარეობა რომელშიც ჩავვარდით, ყველასთვის უჩვეულოა“.