„მანჩესტერ იუნაიტედი“ ფეხბურთის ასოციაციის თასის მეთექვსმეტედფინალიდან „მიდლსბრომ“ გააგდო. ბევრის აზრით ამაში სხვა მიზეზებთან ერთან როლი უსამართლობამაც ითამაშა. საქმე ის არის, რომ ჯეიდონ სანჩოს მიერ 25-ე წუთზე გატანილ გოლს, მეტ კრუკსმა 64-ე წუთზე უპასუხა გოლით, რომელიც შარშანდელი წესებით არ უნდა ჩათვლილიყო. კრუკსს საგოლე პასი მიაწოდა დანკან უოტმორმა, მან კი საჯარიმო მოედანში ბურთი ხელით დაამუშავა.

მსაჯ ენტონი ტეილორს უოტმორის ხელით თამაშზე რეაქცია არ ჰქონდა, ფეხბურთელმა კი ცხადია კარგად იცოდა რაც გააკეთა და ამიტომ კარში თვითონ აღარ დაარტყა, კომბინაცია გააგრძელა — ბურთი დინ ჰენდერსონს თავზე გადაუგდო, იქ კი კრუკსმა იყოჩაღა და ის კარში შეაგდო.

ბედის ირონიაა, რომ დანკან უოტმორი და მეტ კრუკსი „იუნაიტედის“ აკადემიის აღზრდილები არიან, მაგრამ ამაზე საინტერესო ის არის, რომ „მანჩესტერმა“ სამართალი ვერც ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების გზით იპოვა.  VAR-ის უსტაბაშმა სტიუარტ ატუელმა ტეილორის მსგავსად მიიჩნია, რაკი მიდლსბროელს ბურთი ხელში მისივე სხეულიდან ასხლეტის მერე მოხვდა, თამაში არ უნდა გაჩერებულიყო. მითუფრო, რომ უოტმორმა თვითონ კი არ გაიტანა, პასი გადააწოდა.

ინგლისურ ფეხბურთში შემტევი ფეხბურთელის მიერ შემთხვევით ხელით თამაშთან დაკავშირებული წესი გასულ ზაფხულს შეცვალეს. მას მერე ასეა, რომ თუ შემტევი გუნდის ფეხბურთელი ხელით ითამაშებს და ამის შედეგად მისი თანაგუნდელი გოლს გაიტანს, ეს გოლი ჩაითვლება, მაგრამ თუ თვითონ შეაგდებს, მაშინ ჯარიმა დაინიშნება.

ვიმეორებთ, ლაპარაკია ხელით შემთხვევით თამაშზე.

მაგრამ, წესი როგორც გინდა ისე შეცვალე, ხელით თამაში ხელით თამაშია და უსამართლობის განცდას იწვევს. წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა რიო ფერდინანდმა მაგალითად, სოციალურ ქსელებში VAR-ი გაატარა კრიტიკის ქარცეცხლში. აი, ეს არის მაგის სამართალიო. დე ხეამაც შოკირებული ემოჯი დადო.

იყო ბევრი სხვა გამოხმაურებაც. აღშფოთდნენ პროფესიონალები. წერდნენ, ეს თუ არ არის ხელით თამაში, აბა ხელით თამაში რას ეწოდებაო.

გარი ლინეკერმა თავად წესს უწოდა აბსურდული და სასაცილო.

არადა, „მიდლსბროს“ სათადარიგოთა სკამზეც კი არ სჯეროდათ, რომ ანგარიში გაათანაბრეს.

ასე იყო თუ ისე, 9443 სტუმარი გულშემატკივრის გასახარად ჩემპიონშიპის ცხრილში მეშვიდე პოზიციაზე მყოფმა გუნდმა ანგარიში გაქვითა.

მაგრამ, შეხვედრაში იყო მე-20 წუთიც, როდესაც კრიშტიანუ რონალდუმ პენალტი ააცილა…

საბოლოოდ, თამაშის ძირითადი და დამატებითი დრო დასრულდა 1:1, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი „მიდლსბრომ“ იმარჯვა.