„ბილბაო“ ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალში გავიდა. ბასკებმა შინ, „სან მამესზე“, 89-ე წუთზე გაუტანეს „რეალს“. ეს იყო შეხვედრის ერთადერთი გოლი.
არადა, ყველას ეგონა, რომ თამაში დამატებით დროში გაგრძელდებოდა, მაგრამ ალექს ბერენგუერმა ბურთი მადრიდელთა კარში ოსტატურად შეაგდო.
თასის გათამაშებიდან „რეალის“ გაგდება ბასკების შურისძიება გახლდათ. გეხსომებათ, იანვარში, საუდის არაბეთში, ოთხგუნდიანი ტურნირის სახით ჩატარებული ესპანეთის სუპერთასის ფინალში „თეთრებმა“ „ბილბაოს“ 2:0 მოუგეს.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგაში „რეალი“ პირველ ადგილზეა, მდევარ „სევილიას“ ოთხი ქულით უსწრებს. „ბილბაო“ მეათეზეა, მაგრამ უთუოდ კერკეტი კაკალია.
ამრიგად, ნახევარფინალში გავიდნენ „რაიო ვალეკანო“, „ვალენსია“, „ბეტისი“ და „ბილბაო“. გუნდებს წილისყრა დააწყვილებს.