„ბეტისმა“ „რეალ სოსიედადს“ სან სებასტიანში 4:0 მოუგო და ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალში გავიდა.

ანგარიში მე-12 წუთზე ხუანმიმ გახსნა, 39-ზე კი ბელგიელ ადნან იანუზაის ეგონა, რომ გაქვითა, მაგრამ გოლი VAR-მა გაუუქმა.

მეორე ტაიმში, 57-ე წუთზე, ხუანმიმ მეორეც შეაგდო. 83-ზე ამას მოჰყვა ვილიან ხოსეს გოლი თავისი ყოფილი გუნდის კარში — 3:0, ხოლო 89-ე წუთზე აიტორ რუიბალმა თამაშს წერტილი დაუსვა.

თასის ნახევარფინალში გასვლა „ბეტისისთვის“ საოცარი სეზონის კიდევ ერთი ნათელი წერტილია. გუნდი ლა ლიგაში მესამე პოზიციაზეა — მეორე ადგილზე მყოფ „სევილიას“ 6 ქულით ჩამორჩება.

გარდა ამისა, „ბეტისი“ ევროლიგაშიც აგრძელებს ბრძოლას. 17 თებერვალს, მეთექვსმეტედფინალში პეტერბურგში „ზენიტს“ უნდა შეხვდეს.