მეისონ გრინვუდი თავდებით გამოუშვეს. მან სახლთან დაცვა გააძლიერა. როგორც იცით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ 20 წლის თავდამსხმელმა სამი დღე და ღამე გისოსებს მიღმა გაატარა. მას ბრალი გაუპატიურებაში, ფიზიკურ ძალადობასა და მოკვლის მუქარაში ედება.
„სანი“ წერს, რომ დაცვა გრინვუდმა მანჩესტერის გარეუბანში მდებარე ბოუდონის სახლში გააძლიერა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის იქ არის. ჟურნალისტებმა დააფიქსირეს, რომ სახლთან მუდმივად დგას ორი ადამიანი. მათ აგრეთვე დაინახეს, როგორ მივიდა გრინვუდის სახლში ექსპერტი, რომელმაც უსაფრთხოების სისტემა დააყენა. Hikvision-ის სისტემას რვა კამერასთან შეუძლია დაკავშირება.
ამასობაში ბრალის დადგენამდე თავდამსხმელთან ურთიერთობა გაწყვიტა ინგლისის ნაკრებმაც. აქ აუცილებლად უნდა დავძინოთ, რომ ნაკრების თავკაცს გარეთ საუთგეიტს გრინვუდი დიდად არც ეპიტნავებოდა. გეხსომებათ შარშანდელი ამბავი, როდესაც რეიკიავიკში, ერთა ლიგის შეხვედრის წინ, მან და „მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელმა ფილ ფოდენმა გუნდის სასტუმროში ქალები მიიყვანეს, რის გამოც შეკრებიდან ორივე დაიფრინეს. მას მერე მანჩესტერელი საუთგეიტს ეროვნულ გუნდში არც მიუწვევია.