მსაჯმა ჯენი სიკაზვემ მთელ მსოფლიოს გააცნო თავი, როცა მალი-ტუნისის მატჩი (1:0) დროზე ადრე, 86-ე წუთზე დაასრულა. მერე როცა უთხრეს რაც გააკეთა, გააგრძელა და მაინც ადრე დაასრულა, 89:52 წუთზე. არანაირი დამატებული წუთები, 8 წამით ადრე შეწყვიტა თამაში.

სიკაზვეზე მეორე დღეს ოფიციალური განცხადება გაკეთდა აფრიკის თასის ხელმძღვანელებისგან — შეუძლოდ გახდა, რაც მზის დარტყმამ გამოიწვიაო. ახლა კი მსაჯის კომენტარიც:

„ძალიან ცხელოდა. ბევრი წყალი დავლიე და მაინც არ მყოფნიდა, მაგრამ მსაჯები ჯარისკაცებად ვგრძნობთ თავს. მეორე ტაიმში ორიენტაცია დავკარგე, ვერავის ვუსმენდი. ისიც ძლივს გამაგებინეს, რომ თურმე თამაში ნაადრევად დამისრულებია. …მინახავს ის ადამიანები, რომლებიც სამუშაოდ უცხოეთში მიდიან, იქ კვდებიან და მათ სამშობლოში კუბოთი აბრუნებენ. ამასთან ახლოს ვიყავი. გამიმართლა, რომ კომაში არ ჩავვარდი. ცოტაც და ასე მოხდებოდა. …ვფიქრობ, ღმერთმა გადამარჩინა. ღმერთმა მითხრა, რომ თამაში უნდა დამემთავრებინა“.