მიმდინარეობდა თამაშის 44-ე წუთი და ტოპ 14-ის ერთ-ერთი აუტსაიდერი „პერპინიანი“ ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ „ლიონს“ 13:9 ამარცხებდა, როცა სტუმართა ღონიერმა 8 ნომერმა ჯორდან ტაუფუამ რამდენიმე მეტოქესთან ჯაჯგურს გაუძლო და ბურთი მარცხენა ფრთაზე ეულად დარჩენილ დავით ნინიაშვილს ამოუგდო, ვინც ლელოში ტყვიასავით შევარდა. საბოლოოდ „ლიონმა“ კატალონიაში 28:23 მოიგო და ცხრილის მესამე საფეხურზე დამკვიდრდა. ეს ერთი!

„ლა როშელი“ საკუთარ მოედანზე „მონპელიესთან“ 68-ე წუთისთვის 16:22 მარცხდებოდა, როცა სტუმართა 9 ნომერმა გელა აფრასიძემ დერეფანში მოპოვებული ბურთი ფეხით ლელოსკენ გაიგდო, თავადვე დაეწია და დაამიწა კიდეც. ქართველის ლელომ მატჩის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა. „მონპელიემ“ 29:23 მოიგო და ლიდერ „ბორდოს“ კვალში ჩაუდგა. ეს მეორე!

No description available.„პო“ „კლერმონს“ მასპინძლობდა და 69-ე წუთზე 16:20 აგებდა, მაგრამ აქაც ქართველმა ისახელა თავი: რამდენიმეფაზიანი შეტევა რაქში გადავიდა, საიდანაც ბურთი პირენეელთა მესამეხაზელმა ბექა გორგაძემ აიტაცა, ვირტუოზული ცრუ-მოძრაობებით ორი მცველი დაიბრიყვა და ეფექტურ ნახტომში ბურთი გაზონში ხაზს იქით ჩაარჭო. საბოლოოდ „პომ“ 28:20 მოიგო. ესეც სამი!

აი, ასეთი ბარაქიანი გამოდგა ქართველთათვის ტოპ 14-ის რეგულარული ჩემპიონატის მე-16 ტური. სამივე აღწერილი ლელო იშვიათი სილამაზისა იყო, რაც ჩვენს კმაყოფილებას აათმაგებს. ეს ხომ მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სარაგბო ლიგაა!

ამ ბრწყინვალე სამეულის გარდა ტურში სხვა ჩვენებურებმაც მიიღეს მონაწილეობა.

ხსენებულ „პერპინიანსში“ ბოლო 22 წუთი დუდუ ქუბრიაშვილმა ითამაშა; „მონპელიეში“ გელას გარდა მიშა ნარიაშვილიც იყო, რომელმაც პირველი ტაიმი დაჰყო მოედანზე; ლევან ჩილაჩავა „კასტრში“ 62-ე წუთზე გამოჩნდა, მაგრამ 13 წუთში უკვე მერამდენედ დაშავდა და მინდვრიდან გავიდა, ხოლო მისი გუნდი ბორდოში 10:23 დამარცხდა; „რასინგ-92“-მა გასვლით მატჩში ჩემპიონი „ტულუზი“ 20:15 დაამარცხა და ამ სენსაციის მოხდენაში 25-წუთიანი წვლილი პარიზელმა ბორჯღალოსანმა გურამ გოგიჩაშვილმა დაიდო;  ვიდრე „ტულონის“ 3 ნომრის პოზიციაზე ბექა გიგაშვილი ომობდა, ეს გუნდი დედაქალაქში „სტად ფრანსეს“ კომფორტულად, 17:10 უგებდა, მაგრამ გავიდა თუ არა ცეცხლოვანი ბორჯღალოსანი, „ტულონმა უპირატესობა გაფლანგა და საბოლოოდ სანუგეშო ბონუსსღა დასჯერდა – 24:26.

No description available.დაბოლოს „ბრივზეც“ ვთქვათ, რომელმაც ბონუსიანი გამარჯვება იზეიმა და გასავარდნ ზონას რამდენადმე დაშორდა – 33:10 „ბიარიცთან“ საშინაო მატჩში მოსალოდნელი შედეგი იყო.   ამ შეხვედრაში 6-მა ქართველმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 4 ეროვნული გუნდის უახლოეს ორ მატჩზეა გამოძახებული.

მასპინძელთა შორის ლუკა ჯაფარიძემ პირველიდან 63-ე წუთამდე ითამაშა, რის შემდეგაც ადგილი სოსო ბეკოშვლს დაუთმო, ხოლო ვასილ ლობჟანიძემ 80-ვე წუთი ძალიან გარგად ითამაშა. სტუმარ ბასკთა შორის პირველივე წუთიდან ლუკა აზარიაშვილი და თორნიკე ჯალაღონია თამაშობდნენ, პირველს

შესვენების შემდეგ გიორგი ნუცუბიძე ჩაენაცვლა, ხოლო მეორე 74-ე წუთზე შეცვალეს, თუცა მე-18 წუთზე თორნიკეს 10 წუთიანი გაძევებაც გამოუწერეს.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ გიორგი კვესელაძის „გლოსტერმა“ ინგლისის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება იზეიმა და საპლეიოფო, მეოთხე ადგილზე  დამკვიდრდა. „ნიუკასლთან“ სტუმრად 32:22 გამარჯვებაში მონაწილეობა ქართველმა შუამარბმაც მიიღო, თუმცა ის თამაშში მხოლოდ 75-ე წუთზე ჩართეს.

No description available.