ერლინგ ჰოლანდი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია, რომლის შეძენაც თითქმის ყველა მდიდარ კლუბს უნდა. ეჭვი არავის ეპარება, რომ ნორვეგიელი ამ ზაფხულს „დორტმუნდიდან“ წავა. თავის მხრივ, გერმანული კლუბიც ცდილობს ფორვარდს ახალი ხელშეკრულება დაადებინოს.

ჰოლანდი ფიზიკურად ძლიერია, იმავდროულად არის სწრაფი და კარში დარტყმისას ზუსტი. ის მხოლოდ 21 წლისაა. მისი შედეგი შთამბეჭდავია: ბუნდესლიგის 57 შეხვედრაში 56 გოლი გაიტანა. და რაც მთავარია, ასეთ „მონსტრს“ კიდევ აქვს განვითარების საშუალება. ის, რასაც მიაღწია, მისი მაქსიმუმი არ არის.

ბევრს შეიძლება ეუცნაუროს, მაგრამ ჰოლანდი თურმე ჯეიმი ვარდის ჩანაწერებს უყურებს და თავდამსხმელის თამაშის ზოგ ასპექტს ისე სწავლობს. მისი აზრით „ლესტერ სიტის“ თავდამსხმელს ცენტრალური მცველების ზურგსუკან შევარდნაში ბადალი არ ჰყავს.

Sky Sport-თან ინტერვიუში ჰოლანდმა თქვა: „მე ბევრი ფეხბურთელის თამაშს ვუყურებ. ვცდილობ მათ მოქმედებებში ჩემთვის სასარგებლო რაღაც დავინახო. მაგალითად, როგორ უნდა შევარდეს ცენტრალური თავდამსხმელი მეტოქის მცველებს ზურგსუკან, როდესაც ბურთს ფლობს.

ამ კომპონენტში ჯეიმი ვარდის მსოფლიოში ბადალი არ ჰყავს და მის თამაშს უპირველეს ყოვლისა ამიტომ ვაკვირდები.

საერთოდ ასეთი ვარ. ძალიან ბევრ ფეხბურთს ვუყურებ. თუკი შაბათს ვთამაშობ, შინ ვბრუნდები და კვირას მთელი დღე თამაშებს ვუყურებ. ფეხბურთი ძალიან მიყვარს“.

ჯეიმი ვარდი პრემიერლიგაში „ლესტერ სიტისთან“ ერთად 2014 წელს გამოჩნდა და მას მერე 261 შეხვედრაში 127 გოლი შეაგდო. „ლესტერ სიტიმ“ 2016 წელს ინგლისის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და მამაში ვარდიმ დიდი წვლილი შეიტანა.