შოთა არველაძის ინგლისურ „ჰალში“ დანიშვნა გადაწყდა. ჯერ კიდევ დეკემბერში ვწერდით ამაზე.
ახალ კლუბთან ის წელიწადნახევრიან კონტრაქტს გააფორმებს კიდევ ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივით.
რა კლუბია „ჰალ სიტი“ ? ცოტა რამ დღევანდელობაზე და ცოტაც ისტორიიდან…
ის ყველამ ვიცით, რომ ჩემპიონშიფის (რანგით მეორე ლიგა) გუნდია და 24 გუნდს შორის მე-19 ადგილზეა. სამი გუნდი ვარდება და კლუბის ამოცანაც გასაგებია…
სხვათა შორის, საშიშ ზონაში ასევე არიან „დერბი ქაუნთი“, „რედინგი“, „კარდიფი“, „სუონსი“, „ბირმინგემი“.
„ჰალს“ ჩრდილოირლანდიელი გრანტ მაკენი წვრთნიდა. გუნდის ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი 20 წლის ფორვარდი ლევის-პოტერია, ამ სეზონში 5 გოლი გაიტანა. ყველაზე გამოცდილი და ცნობილი კი ტომ ჰადლსტოუნი, რომელიც „ტოტენჰემში“ თამაშობდა. ერთ-ერთი ლიდერია შოტლანდიელი ნახევარმცველი გრეგ დოჰერტი.
„ჰალ სიტი“118 წლის წინ დაარსდა. დაახლოებით 300-ათასიანი ქალაქი ჰალი იორკშირშია, ჩრდილოეთის ზღვასთან ახლოს, 26000-იანი სტადიონით. კლუბის თილისმაა ვეფხვი და ბევრი ასეც ეძახის კლუბს – „ტაიგერზი“ (ვეფხვები).
მიღწევებს რაც შეეხება, განსაკუთრებული არაფერი: 2014 წელს ინგლისის თასის ფინალში წააგო და ის საუკეთესო სეზონად ითვლება.
2008 წელს „ვეფხვები“ პირველად გადავიდნენ ინგლისის პრემიერლიგაში. უსუსტეს გუნდად მიაჩნდათ, მაგრამ პირველ ნახევარში საოცრებები ჩაატარეს და ახალი წლისთვის მესამე ადგილზე იყვნენ… მერე კინაღამ გავარდნენ, მე-17 ადგილზე გავიდნენ. მომდევნო სეზონში მაინც დაქვეითდნენ, მაგრამ სამი წლის მერე ისევ დაბრუნდნენ უძლიერესებში.
„ჰალი“ პრემიერლიგაში ბოლოს 2017 წელს იყო. შარშანწინ კი სულაც რანგით მესამე ლიგაში ითამაშა, სადაც პირველ ადგილზე გავიდა და ახლა აი, ჩემპიონშიფში ცდილობს ადგილის შენარჩუნებას. შოთას მიზანიც ესაა.
„ჰალ სიტის“ ახალი მფლობელი ჰყავს: თურქი აჯუნ ილიჯალი, რომელსაც შოთა არველაძესთან კარგი ურთიერთობა აქვს.