ჩვენი ბადრი კეთილაძე უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ. როგორი ფოტოგრაფი იყო ბადრი, მისი გადაღებული კადრების ნახვა უმალ მიგახვედრებთ, აქ კი გვინდა უცხო თვალისთვის უჩინარი ბადრი კეთილაძე გავიხსენოთ და თქვენც გაგაცნოთ. ბადრი, ისეთი, როგორიც იყო…

იყო გადარბენები მატჩიდან მატჩზე, ქალაქიდან ქალაქში. ფეხბურთზე მწერლები ბევრნი ვიყავით, ფოტოკორესპონდენტი კი იმხანად ორი გვყავდა, აწგანსვენებული გურამ დოლენჯაშვილი და უკვე ასევე მარადისობას შეერთებული ბადრი კეთილაძე. აბა, ამათ ადგათ ჯაფა თუ ადგათ. ციფრული ეპოქა ჯერაც გზაში იყო და მიდიოდა „პრაიავიტელის“ და ფიქსაჟის შეზავებები, ფოტოების გამჟღავნება და შრომატევადი ფუსფუსი ჩაბნელებულ ლაბორატორიაში.
ბადრი იყო ზედმიწევნით პროფესიონალი, მისთვის ცხოვრება იწყებოდა თავისი საქმით და მერე იყო სხვა დანარჩენი. ბავშვივით გახარებული გამოიტანდა ხოლმე ჯერაც სველ, ახლადდაბეჭდილ მორიგ შედევრს…
– პატუკი, ნახე ბუჯო, რავალია? ა?
და იყო ძალიან მაგარი, როგორც ყოველთვის და ხშირად ყოფილა, თავად ფოტო გამხდარა ინსპირაციის წყარო და ტექსტიც მარტივად იხარშებოდა თავში…
ბადრი მუშაობის დროს ხელშეუხებელი გახლდათ, უბრალოდ არ უნდა გაკარებოდი, თორემ გაუთავებელ რისხვას დაიტეხდი თავს…
ვათენ-ვაღამებდით ჩვენს მშობლიურ რედაქციაში. იმ დღესაც დარჩენას ვაპირებდი თბილისში, მაგრამ, საღამოს რუსთავიდან დამირეკეს, უნდა წავსულიყავი. გვიანი საღამო იყო, სამი-ოთხი კაცი ვიყავით რედაქციაში…
ბადრია 20 ლარი მომე დილამდე, – ამ სიტყვებით ლაბორატორიის კარი შევაღე და ენით აუწერელი კივილი გაისმა:
– რა ქენი აგი ბუჯოოო…
დაფეთებულმა სასწრაფოდ მოვიხურე კარი და მომდევნო ათი წუთი ბადრის ბღავილი მესმოდა, რომ ჯერაც გაუმჟღავნებელი ფოტოფირი შევიწირე… რომ დავღუპე და დავაქციე ყველაფერი. ორმაგად შეწუხებული ვიჯექი ჩემ ოთახში, ვერც რუსთავში მივდიოდი, საქმეც გავაფუჭე…
ვერც კი შევნიშნე ვინ დამიგდო მაგიდაზე ოცლარიანი, უბრალოდ, ხმამ გამომარკვია
– ე ბუჯო, წადი დროზე, ვერ მიუსწრებ მარშრუტკას…

ბადრი კეთილაძის ფოტო