ამას წლობით „ფერგი თაიმი“ ერქვა, ახლა „რალფი თაიმი“ უწოდეს. მოკლედ, რაც გინდა ის დაარქვი ერთი ფაქტია, „მანჩესტერ იუნაიტედს“ ბოლო წამს გოლის გატანა და მეტოქისთვის ქულების ხელიდან გამობდღვნა სისხლში აქვს.

მანკუნიანელებმა „ვესტ ჰემთან“ ძალიან საჭირო გამარჯვება მოიპოვეს — 22 ტურის შემდეგ 38 ქულით მეოთხე ადგილზე არიან.

ყურადღება იმანაც მიიპყრო, რომ საგოლე კომბინაციაში მონაწილეობა რალფ რანგნიკის მიერ შეცვლაზე შეყვანილმა სამმა ფეხბურთელმა მიიღო. გინდა შემთხვევითობა დაარქვით, გინდა მწვრთნელის ტაქტიკური მიხვედრილობა.

გოლი ძალიან ეფექტური გამოდგა, სხვა მხრივ კი რა მოგახსენოთ. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ძველებურად იჯახირა და შეხვედრის დამთავრებამდე 27 წამით ადრე საქმე მორიგ უსახურ ფრემდე მიდიოდა. შემდეგ კი მოხდა პატარა სასწაული: კრიშტიანუ რონალდუმ მარცხნივ ანტონი მარსიალს გაუგორა, მან კიდევ უფრო კიდეზე ედინსონ კავანისკენ გადაიტანა თამაში, კავანიმ კი ბურთი კარის ხაზის პარალელურად გაჭრა, სადაც მარკუს რეშფორდმა თამაშს წერტილი დაუსვა.

VAR-მა შეამოწმა ჩამოთვლილი პასებიდან რომელიმე ეპიზოდში თამაშგარე ხომ არ იყო. როდესაც გაირკვა, რომ წესები არსად დარღვეულა, „ოლდ ტრეფორდმა“ გიჟური ზეიმი მოაწყო, „ვესტ ჰემს“ კი არ სჯეროდა, რომ ბოლო წამს წააგო თამაში.

რონალდუ? მას ორი დასამახსოვრებელი ეპიზოდი ჰქონდა: ერთი, როდესაც გაფრინდა, მაგრამ ალექს ტელესის ჩაწოდებულ ბურთს თავით ვერ მიწვდა და მეორე, როდესაც პენალტს ითხოვდა — კურტ ზუმამ ხელი მკრაო.