საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ისტორიული, პირველი მატჩი ჩაატარა ნიდერლანდებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე და ძლიერ აზერბაიჯანის ეროვნულ გუნდს 3:2 მოუგო. არადა, 0:2 აგებდა.
ფუტსალის ევრო 2022 ნიდერლანდების ორ ქალაქში, ამსტერდამსა და გრონინგენში მიმდინარეობს. სწორედ გრონინგენის „მარტინი პლაზას“ უმაყურებლო დარბაზში გაიმართა ჩვენებურების პირველი მატჩი.
ქართველები ტურნირის დებიუტანტები არიან, აზერბაიჯანელები კი ზედიზედ მეექვსედ ასპარეზობენ ევროზე, ამიტომ ფავორიტებად, ცხადია, ჩვენი მეზობლები მიიჩნეოდნენ.
თავიდან ასეც მოჩანდა. მე-7 წუთის თავზე აზერბაიჯანელები 2:0 იგენდნენ რაფაელ ვილელას დუბლით. თუმცა ჩვენებურებმა ნელ-ნელა გამოასწორეს თამაში და მე-10 წუთზე ელისანდრომ ულამაზესი, ისტორიული გოლი გაიტანა მეტოქის კარში. ამის შემდეგ ჩვენები საგრძნობ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.
შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრების უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. თანაც შესანიშნავად ირჯებოდა ჩვენი ნაკრების 42 წლის მეკარე და კაპიტანი ზვიად კუპატაძე.
27-ე წუთზე ჩვენებმა ანგარიში გაათანაბრეს. შოთა თოფურიას პასით არჩილ სებისკვერაძემ გაიტანა. ხუთ წუთში კი თალესმა ულამაზესი ბურთი შეაგდო მარჯვენა მაღალ კუთხეში და საქართველოს ნაკრები 3:2 დაწინაურდა.
ჩვენებს კიდევ შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა, თუმცა ტაბლოზე ციფრები აღარ შეცვლილა. 3:2 – საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვება.
შემდეგ მატჩს ჩვენებურები ასევე დებიუტანტ ბოსნიის ნაკრებთან გამართავენ 26 იანვარს.
სხვათა შორის, საქართველოს ნაკრებს იტალიური კომპანია „მაკრონის“ ფორმები ეცვა. ასეთივე ეკიპირებით იასპარეზებენ ეროვნული, ქალთა და ასაკობრივი ნაკრებები. ფეხბურთის ფედერაციამ „მაკრონთან“ ექვსწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.