უგო ლორისის გარშემო ატეხილი მითქმა-მოთქმა დამთავრდა. ფრანგმა მეკარემ „ტოტენჰემ ჰოთსპურთან“ ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ბოლო კვირების განმავლობაში „სფურზის“ კაპიტნის მომავალი გაურკვეველი იყო. მის კონტრაქტს ვადა სეზონის ბოლოს გაუდიოდა. ახალ ხელშეკრულებაზე მხარეები ვერ თანხმდებოდნენ — ლორისს ჩრდილოეთ ლონდონში დარჩენა თითქოსდა აღარ უნდოდა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი დალაგდა. მსოფლიოს ჩემპიონი „ტოტენჰემში“ 2024 წლამდე დარჩება.

ამ ამბავმა „სფურზის“ მწვრთნელი ანტონიო კონტე გაახარა. იტალიელმა რამდენჯერმე მიკიბ-მოკიბვის გარეშე განაცხადა, რომ ლორისი სჭირდებოდა.

არადა, ადრე ამბობდნენ, რომ „ტოტენჰემი“ ახალი მეკარის ძიებაში იყო, ფრანგი კი სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყო.

როგორც ჩანს, ყველაფერი „ტოტენჰემის“ მწვრთნელად ანტონიო კონტეს მისვლამ შეცვალა. 35 წლის გოლკიპერს წარმატებების იმედი ჩაესახა და გუნდში კიდევ ორი წლით გადაწყვიტა დარჩენა.

უგო ლორისი „ტოტენჰემ ჰოთსპურში“ „ლიონიდან 2012 წელს გადავიდა.