„ლივერპულმა“ „არსენალს“ ლონდონში ეფექტურად მოუგო 2:0. ეს გახლდათ „კარაბაოს თასის“ საპასუხო ნახევარფინალური მატჩი. პირველი შეხვედრა 0:0 დასრულდა. სტუმართაგან ორივე გოლი დიოგო ჟოტამ გაიტანა. „არსენალს“ ჯილდოს მოსაგებად ახლა შემდეგ სეზონამდე მოუწევს ლოდინი, რადგან ფეხბურთის ასოციაციის თასიდანაც გავარდნილია — 1/32 ფინალში გამოეთიშა შეჯიბრებას.

„კარაბაოს თასზე“ კი ფინალიღა დარჩა: 27 თებერვალს „ლივერპული“ და „ჩელსი“ შეხვდებიან ერთმანეთს.

„მეთოფეთა“ მწვრთნელმა მიკელ არტეტამ ეტყობა ჯადოქრის დახმარებას მიმართა, რადგან ხუთი დღის წინ ჩიოდა 11 კაცის მოგროვება გამიჭირდებაო, სინამდვილეში კი მოედანზე თითქმის საუკეთესო შემადგენლობა გაუშვა, მაგრამ ეს მერსისაიდელების დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. როგორც ჩანს, სადღეისოდ ამ გუნდებს შორის კლასში განსხვავება დიდია.

„ლივერპულთან“ შეხვედრის 90-ე წუთზე „არსენალს“ განელი ნახევარმცველი თომას პარტი გაუგდეს  მოედნიდან. მიზეზი: სამ წუთში ორი ყვითელი ბარათი. არადა, პარტი სათადარიგო გახლდათ და გაძევებამდე სულ რაღაც 16 წუთით ადრე შევიდა მოედანზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არტეტას კვირას, პრემიერლიგის მატჩში, „ბარნლის“ წინააღმდეგ გრანიტ ჯაკასთან ერთად არც ის ეყოლება. ჯაკა პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში, „ენფილდზე“ გააძევეს მოედნიდან.

კითხვაზე, რატომ არ არის პარტი აფრიკის ერთა თასზე პასუხი ასეთია: განის ნაკრები შეჯიბრებას გამოეთიშა, თორემ არსენალელმა ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

იურგენ კლოპს კი აფრიკის თასის გამო აკლდნენ მო სალაჰი, სადიო მანე და დივოკ ორიჯი. ასეთ პირობებში „ლივერპულის“ თავკაცმა სხვა გამოსავალი მოძებნა: 17 წლის კეიდი გორდონს ენდო, რომლისთვისაც ეს კარიერაში ყველაზე დიდი მატჩი იყო.

კლოპი თავის ახალგაზრდებს თამამად ათამაშებს. ამავე შეხვედრაში 20 წლის კერტის ჯონსიც მონაწილეობდა და თავი არ შეურცხვენია.

საბოლოოდ, ძლიერმა გუნდმა ორი შეხვედრის ჯამში თავისზე სუსტი დაამარცხა და ფინალში გავიდა.