„მესტალიაზე“ „ვალენსიასა“ და „სევილიას“ შეხვედრის მე-17 წუთზე მასპინძლების ჰოლანდიელმა მეკარემ ჯასპერ სილესენმა ტრავმა მიიღო და ხოსე ბორდალასმა მის ნაცვლად გიორგი მამარდაშვილი კი არა, ხაუმე დომენეკი შეიყვანა. დომენეკი 31 წლის არის, მამარდაშვილი — 21-ის.

მატჩის შემდეგ ბორდალასმა თქვა: „სილესენს საზარდული აწუხებდა. ის ხაუმეთი იმიტომ შევცვალე, რომ ხაუმემ კვირას თასზე ითამაშა და საქმეში მეტად არის ჩართული. რაც შეეხება გიორგის, ის ჩვენი გუნდის წევრია და კარგად მუშაობს“.

თამაში დასრულდა ფრედ, 1:1. ამ შედეგმა სევილიელებს ლა ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში ორი მნიშვნელოვანი ქულა დააკარგვინა. რომ მოეგოთ, „რეალთან“ სხვაობა ორი ქულაღა ექნებოდათ. ახლა, ოთხი აქვთ.

ერთი სიტყვით, ვალენსიაში ვერ-მოგება „სევილიას“ მინუსად ჩაეთვალა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ გუნდს „მესტალიაზე“ თან არ ახლდა მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი, რომელსაც Covid 19 სჭირს.

თავიდან სტუმრებს კარგად წაუვიდათ საქმე: მე-7 წუთზე მუკტარ დიაკაბიმ თავის კარში შეაგდო გოლი, მაგრამ პირველი ტაიმის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე, გონსალო გუედეშმა წონასწორობა აღადგინა. საგოლე პასი მას ხოსე გაიამ ჩააწოდა, რომელსაც 89-ე წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა.

„ვალენსია“ 21 თამაშის შემდეგ 29 ქულით მე-9 ადგილზეა.