მას მერე, რაც „ნიუკასლ იუნაიტედი“ საუდის არაბეთის კონსორციუმმა იყიდა, ის მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი კლუბია. მეორე მხრივ, „კაჭკაჭები“ ფული სულ ახლახან იშოვეს და ამას მათთვის ჯერ წარმატება არ მოუტანია — გუნდი 20 ტურის შემდეგ პრემიერლიგის ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა.
ამიტომაც ლოგიკურია, რომ კლუბი იანვრის სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობს. მან „ბარნლის“ თავდამსხმელ კრის ვუდში 30 მილიონი გირვანქა გადაიხადა. მის გარდა „კაჭკაჭებმა“ 13,33 მილიონ გირვანქად მადრიდის „ატლეტიკოსგან“ ინგლისის ნაკრების მცველი კიერან ტრიპიერი გადაიბირეს.
რად უნდა ლაპარაკი, რომ ეს თანხა ნაკრების ფეხბურთელისთვის მეტისმეტად ცოტაა, მაგრამ როგორც ინგლისურმა მედიამ შეიტყო, კლუბებს შორის არის ფარული გარიგება — თუ „ნიუკასლი“ პრემიერლიგიდან გავარდნას გადარჩება, ინგლისური კლუბი ესპანურს 14,5 მილიონ გირვანქასაც დაუმატებს.
ამიტომაც გულშემატკივრობს მადრიდის „ატლეტიკო“ „ნიუკასლ იუნაიტედს“, რომელიც ფეხბურთელების ბაზარზე ვაჭრობას განაგრძობს. კლუბს გერმანიის ნაკრების 27 წლის მარცხენა მცველს რობინ გოსენსს უკავშირებენ. ლაპარაკია 30 მილიონ ევროზე.
გოსენსი „ატლალანტაში“ თამაშობს. ამბობენ, რომ „ნიუკასლი“ მისი კოლუმბიელი თანაგუნდელის დუვან საპატას ყიდვითაც არის დაინტერესებული. საპატა 30 წლის თავდამსხმელი გახლავთ.
„კაჭკაჭების“ სამიზნე გახლავთ „ბარსას“ ფრანგი ვარსკვლავი ოსმან დემბელეც. დემბელე თავდამსხმელია. ის 24 წლის არის.