„რეალმა“ „ბილბაოს“ 2:0 რომ მოუგო და ესპანეთის სუპერთასს დაეუფლა ცნობილი ამბავია, როგორც ის, რომ ესპანეთის სუპერთასი მადრიდელებისთვის ყველაზე სანატრელი ჯილდო არ არის. და მაინც, მისი მოგება გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან გამარჯვებათა გზაზე დადგომა ნებისმიერი ამბიციური კლუბისთვის აუცილებელია.

თუმცა, „რეალის“ ფეხბურთელთა შორის იყო ერთი, რომლის გულსაც საუდის არაბეთში მიღწეული წარმატება საერთოდ არ გაკარებია. ეს გახლდათ ბელგიელი ედენ აზარი, რომელსაც რიადში გამართულ ტურნირზე ერთი წუთიც არ უთამაშია — არც ნახევარფინალში „ბარსელონას“ წინააღმდეგ და არც ხსენებულ ფინალში „ბილბაოსთან“. ბელგიელმა ესპანეთის დედაქალაქში ფეხი ვერ მოიკიდა. მიმდინარე სეზონში მან მხოლოდ ერთხელ ითამაშა 90 წუთი.

„ბილბაოსთან“ გამარჯვების შემდეგ გულშემატკივრების ყურადღება მიიპყრო „რეალის“ ზეიმის ფოტოებმა, სადაც აზარს დანა პირს არ უხსნის. ზოგ მათგანზე ის საერთოდ არ არის.

ხსენებულმა ფოტოებმა განსაკუთრებული რეაქცია მისი ყოფილი კლუბის, „ჩელსის“ ფანებში გამოიწვია. დასავლეთ ლონდონელმა გულშემატკივრებმა სოციალური ქსელები ააჭრელეს პოსტებით, რომელთა მთავარი წინადადება იყო: „დააბრუნეთ აზარი შინ“.

აზარმა „ჩელსი“ 2019 წელს დატოვა. „რეალმა“ მასში 88,5 მილიონი გირვანქა გადაიხადა, მაგრამ გადავიდა თუ არა ბელგიელი „სანტიაგო ბერნაბეუზე“, პრობლემებიც დაიწყო. აზარი სულ დაშავებული იყო, რის გამოც მან ყველა შეჯიბრებაში ერთად, „რეალის“ მაისურით, მხოლოდ 59 შეხვედრა ჩაატარა, ისიც მეტწილად ან შეცვალეს ან თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო.

დღეს 31 წლის ედენ აზარის დიდი კარიერა დამთავრებულს ჰგავს, თუმცა ამ დონის ფეხბურთელის ასე უსახურად გაქრობა ნამდვილად დასანანი იქნება. ვინ იცის, იქნებ „ჩელსიში“ დაბრუნებამ მართლაც შემოატრიალოს მისი კარიერა.