„ლივერპულმა“ „ბრენტფორდს“ 3:0 მოუგო. ეს იყო ძალიან საჭირო შედეგი, მაგრამ არ იყო ის თამაში, რომელიც მერსისაიდელებს „მანჩესტერ სიტის“ გაუტოლებს.
ინგლისურ პრესაში წერენ, რომ „წითლებს“ პეპ გვარდიოლას გუნდის დასაწევად სეზონის დარჩენილ პერიოდში თითქმის იდეალური ფეხბურთის თამაში დასჭირდებათ. „სიტი“ ხომ ის გუნდია, რომელმაც ზედიზედ 12 თამაში მოიგო და მისი „ტახტიდან ჩამოგდება“ იოლი საქმე არ არის.
თუმცა ისიცაა, რომ თუ დღეს ინგლისში ვინმეს „სიტისთან“ ჭიდილი შეუძლია, ეს „ლივერპულია“. იურგენ კლოპის გუნდს წარსულშიც არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ როდესაც ფორმაში შევა, თამაშის თამაშზე მოგება შეუძლია. ერთი კი ფაქტია: აფრიკის ერთა თასზე წასული მო სალაჰისა და სადიო მანეს გარეშე, მერსისაიდელების გუნდი საუკეთესო ფეხბურთს ვერ აჩვენებს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ „ლივერპულმა“ პრემიერლიგის წინა სამი თამაში ვერ მოიგო — ორი ფრედ ითამაშა, ერთში კი დამარცხდა. ასე რომ სკაუსერებს „ბრენტფორდთან“ აუცილებლად მოგება სჭირდებოდათ.
გამარჯვებულთაგან გოლები 44-ე წუთზე ფაბინიომ, 69-ზე ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა, ხოლო 77-ე წუთზე იუბილარმა ტაკუმი მინამინომ გაიტანეს. მინამინო ამ დღეს 27 წლის გახდა.
დღეს, „მანჩესტერ სიტის“ 22 თამაშიდან 56 ქულა აქვს, ხოლო „ლივერპულს“ 21 თამაშიდან 45.