კევინ დე ბრუინმა გაიტანა გოლი, რომელიც ინგლისური მედიის აზრით პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტულის ტოლფასია. მართალია ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ „მანჩესტერ სიტის“ ბევრი უკვე გამარჯვებულად მიიჩნევს.
„სიტი“ უახლოეს მდევარს, „ჩელსის“ ეთამაშებოდა. დასავლეთ ლონდონელები ძირითად აქცენტს დაცვაზე აკეთებდნენ და 70 წუთის განმავლობაში კარგად უძალიანდებოდნენ პეპ გვარდიოლას შეგირდებს. სტუმრებს გოლის გატანაც შეეძლოთ. მეორე ტაიმის დასაწყისში რომელუ ლუკაკუს ჰქონდა ანგარიშის გახსნის შესანიშნავი შესაძლებლობა, მაგრამ ბურთი საპირისპირო კაში შევარდა. ჩინებული, ზუსტი დარტყმა კევინ დე ბრუინმა შეასრულა და თომას ტუხელის გუნდი 13 ქულით ჩამოიტოვა.
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ „ჩელსის“ წამყვანი მცველები და მთავარი მეკარე ედუარ მენდი აკლდნენ.
დღეს პრემიერლიგის ცხრილში „მანჩესტერ სიტის“ შესაშური პოზიცია აქვს. პეპ გვარდიოლას თავისი გუნდი ბოლო ხუთ წელიწადში მეოთხე ტიტულისკენ მიჰყავს და მდევრებს, მათ რიცხვში „ლივერპულს”, რომელიც ხვალ „ბრენტფორდს” მასპინძლობს, მის გასაჩერებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ.