იტალიის სუპერთასი „ინტერმა“ მოიგო, „იუვენტუსს“ დამატებით დროში აჯობა – 2:1.
გარდა იმისა, რომ სუპერთასების ისტორიაში ყველაზე გვიანი გოლი გავიდა (ალექსის სანჩესი 122-ე წუთზე), იმითაც იყო აღსანიშნავი, რომ მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ პირველი ტიტული მოიგო „ინტერში“ და ეს მისთვის მესამე სუპერთასია: წინა ორი „ლაციოში“ აიღო.
თუმცა აქ სხვა ამბავს უფრო შევეხებით. „იუვეს“ ულტრასებს დიდი ბანერი ჰქონდათ გამოტანილი წარწერით: Agnelli Muori! (ანიელი, მოკვდი!).
რა დააშავა კლუბის პრეზიდენტმა? ჯერ ერთი, მას საყვედურობენ, რომ შემადგენლობის გასაძლიერებლად დიდ თანხას არ ხარჯავს და რეალურად, კრიშტიანუ რონალდუს წასვლის მერე არავინ მოჰყავს.
მეორე და მთავარი: სამი წლის წინ „იუვეს“ ულტრასების ჯგუფი დააკავეს, რომლებსაც ანიელის აბრალებდნენ მაფიასთან კავშირს და კლუბის ხელმძღვანელებზე ზეწოლას. ეს თავად ანიელიმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ სწორედ ის ფანები ახორციელებდნენ მასზე ზეწოლას. ამიტომაც, მათ „იუვეს“ სტადიონზე შესვლა აუკრძალეს.