„ნოტინგემ ფორესტმა“ ფეხბურთის ასოციაციის თასზე „არსენალს“ 1:0 მოუგო და შეჯიბრებიდან გააგდო. „მეთოფეებს“ გოლი 83-ე წუთზე ლუის გრაბანმა გაუტანა, მაგრამ ამჯერად თქვენი ყურადღება გვინდა ლონდონელ ბუკაიო საკაზე შევაჩეროთ, რომელსაც ნოტინგემელმა ფანებმა ტრიბუნიდან უმღერეს „შენ ქვეყანას უღალატეო“.
„ნოტინგემ ფორესტი“ პრემიერლიგის გუნდი არ არის, ჩემპიონშიპში გამოდის და შესაბამისად, მის გულშემატკივარს საკას ნახვის საშუალება აქამდე არ ჰქონდა. და აი, როგორც კი შესაძლებლობა მიეცათ, არსენალელს, უფრო ზუსტად კი ინგლისის ნაკრების ფეხბურთელს ევრო 2020-ის ფინალში გაცუდებული პენალტი გაახსენეს.
ინგლისური პრესა წერს, რომ ბუკაიო საკამ ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების ფინალში გაყვანაში (ეს გახლდათ ინგლისელების პირველი დიდი ფინალი 1966 წლის შემდეგ) დიდი წვლილი შეიტანა და მის მიმართ ასეთი მოპყრობა უსამართლობაა.
თამაშის შემდეგ ნოტინგემელ ფანებს სოციალურ ქსელებში დიდი კრიტიკა დაატყდათ თავს.
„ის ფანები ვინც საკას „ბუუუს“ ეძახდნენ და უმღეროდნენ, რომ მან თავის ქვეყანას უღალატა, უკლასო ხალხია. ნოტინგემში ჩასული „არსენალის“ ფანები მათ გამოხდომას საკას გამამხნევებელი სიმღერებით ახშობდნენ“, — წერს ერთი.
„ფორესტის ფანები, რომლებიც საკას ქვეყნის ღალატში სდებდნენ ბრალს, *** ავადმყოფები არიან“, — იგინებოდა მეორე.
და რაც ყველაზე საინტერესოა, თავად ნოტინგემელმა ფანებმა გაილაშქრეს თანაქალაქელების წინააღმდეგ: „ყველა ჩვენიანს ვინც საკას უყვიროდა შეუძლია გაა…ას აქედან“, — დაწერა მავანმა.