გერმანელმა მსაჯმა ფელიქს ცვაიერმა კარიერაში პაუზა აიღო – საქმიანობას შევეშვი, სანამ ფსიქოლოგიურად უკეთ არ ვიგრძნობ თავსო…
ეს მას შემდეგ, რაც „დორტმუნდის“ ჯუდ ბელინგემმა ძველი ამბები გაუხსენა. ინგლისელმა ნახევარმცველმა დაახლოებით ერთი თვის წინ „დორტმუნდი“ – „ბაიერნის“ მატჩის მერე გაბრაზებულმა თქვა, როგორ ანდეთ ასეთი თამაში მსაჯს, რომელიც ჩაწყობაში და გარიგებაში მონაწილეობდაო.
18 წლის წინ ცვაიერი სკანდალური არბიტრის რობერტ ჰოიცერის ასისტენტი გახლდათ. ჰოიცერს ქრთამის აღება დაუმტკიცდა და 2 წლითა და 5 თვით პატიმრობა მიესაჯა…
„დორტმუნდი“ – „ბაიერნის“ შეხვედრაში კი ცვაიერმა ძალიან საკამათო პენალტი დანიშნა მასპინძელთა კარში და ამ პენალტით მიუნხენელებმა მოიგეს – 3:2.
ბელინგემი მსაჯზე ასეთი გამონათქვამის გამო 40 000 ევროთი დააჯარიმეს. ახლა გერმანული პრესა ეჭვობს, რომ ცვაიერის გარშემო ფსიქოლოგია არაფერ შუაშია და მსაჯი უბრალოდ სკანდალების ამოტივტივებას გაერიდაო.