პოლ პოგბამ მის შესახებ გავრცელებულ ბოლო ცნობებზე რეაგირება არ დააყოვნა: ინფორმაცია თითქოს „მანჩესტერ იუნაიტედი“ კვირაში 500 000 გირვანქას მთავაზობს, ჭორიაო, თქვა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონმა.

ამ ეტაპზე ფრანგი ვარსკვლავი ტრავმას იშუშებს. ხელშეკრულების თანახმად მას „ოლდ ტრეფორდზე“ ბოლო ექვსი თვე აქვს გასატარებელი.

პოგბას წარმომადგენელმა ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა:

„გვინდა მედიაში გავრცელებულ ცნობებს ნათელი მოვფინოთ. პოლს „მანჩესტერ იუნაიტედისგან“ შეთავაზება ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით უკვე თვეებია არ მიუღია. ის ახლა მთლიანად გამოჯანმრთელებაზეა გადართული და სურს რაც შეიძლება მალე დაეხმაროს გუნდს“.

რეაბილიტაციის პარალელურად პოგბა ახალი კლუბის ძიებაშია, რამაც „მანჩესტერ იუნაიტედი“ შეიძლება ხახამშრალი დატოვოს. 28 წლის ნახევარმცველი „ოლდ ტრეფორდზე“ „იუვენტუსიდან“ 2016 წელს დაბრუნდა, რაშიც მანკუნიანელებმა 89 მილიონი გირვანქა გადაიხადეს. მას მერე ფრანგმა წითელი მაისურით 212-ჯერ ითამაშა და 38 გოლი გაიტანა.

ბოლო პერიოდში მას მედიაში აქტიურად იმეორებდნენ, რომ პოგბას შეძენით დაინტერესებულები არიან „იუვენტუსი“, „პარი სენ ჟერმენი“, „რეალი“ და სხვა.

„ოლდ ტრეფორდიდან“ გამოსული ხმების თანახმად კი პოგბა არ არის ერთადერთი ვინც მანჩესტერში შექმნილი მდგომარეობით უკმაყოფილოა და სხვაგან სურს გადასვლა. ამბობენ, რომ კლუბიდან გაქცევას არც მეტი არც ნაკლები ჩვიდმეტი ფეხბურთელი ეშურება.