წუხელ „კარაბაოს თასის“ ნახევარფინალში „ჩელსიმ“ „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ 2:0 მოუგო და ინგლისურ მედიაში გაჩნდა ხუმრობა, რომელუ ლუკაკუს გამო ატეხილი სკანდალიდან ერთ კვირაში გაირკვა, რომ „ჩელსის“ თავდამსხმელი საერთოდ არ სჭირდებაო. „სტემფორდ ბრიჯზე“ ანტონიო კონტეს დაბრუნების დღეს „ტოტენჰემის“ მცველებმა დასავლეთლონდონელი ფორვარდების საქმე თვითონ იტვირთეს.
არადა, აქამდე „სფურზის“ დაცვა ხელწამოსაკრავი არ ჩანდა — წინა ათი შეხვედრიდან „დეზებმა“ მეტოქეს ხუთში გოლი არ გაატანინეს, მაგრამ ამჯერად ყველაფერი ყირაზე დადგა. თან, ბედის ირონია ის იყო, რომ ამ თამაშში შერისხულმა ლუკაკუმ ბოლოს და ბოლოს მიიღო მონაწილეობა. ტრადიციულად ხომ ასე ხდება: ფეხბურთელს სადღაც რაღაც გულწრფელად წამოცდება, ატყდება ერთი ამბავი, აღშფოთდებიან ქომაგები, ბოლოს „დამნაშავე“ ყასიდად ბოდიშს მოიხდის (ლუკაკუმაც ვიდეობოდიში გაავრცელა) და ამით სკანდალი მთავრდება.
პირველი გოლი, რომელიც „ჩელსიმ“ მე-5 წუთზე გაიტანა კაი ჰავერცს მიაწერეს, მაგრამ ფორმალურად ესეც ავტოგოლი იყო. 34-ე წუთზე კი უბრალოდ კომიკური რამ მოხდა, რასაც ვიდეოჩანაწერში საკუთარი თვალით იხილავთ.
მაგრამ, ანტონიო კონტე ის მწვრთნელი არ არის, დაცინვას რომ ეგუებოდეს და სწორედ ეს გვაფიქრებინებს, რომ 12 იანვარს, საპასუხო შეხვედრაში დიდი ბრძოლა გაიმართება. შეგახსენებთ, რომ „ჩელსის“ ბოლოს ინგლისის ჩემპიონის ტიტული 2016-17 წლების სეზონში სწორედ „ტოტენჰემის“ დღევანდელმა თავკაცმა მოაგებინა.