„ვალენსიამ“ „სამეფო თასის“ მეთექვსმეტედფინალში „კარტახენას“ სტუმრად 2:1 მოუგო. ამ შეხვედრაში ჩვენთვის საყურადღებო ის იყო, რომ სტუმრების თავკაცმა ხოსე ბორდალასმა მეკარე შეცვალა, იასპერ სილესენი დაასვენა, მაგრამ მის ნაცვლად გიორგი მამარდაშვილი კი არა, 31 წლის ხაუმე დომენეკი ათამაშა.
„ღამურებს“ იოლი გასეირნება არ გამოუვიდათ, იწვალეს. ანგარიში 35-ე წუთზე კარლოს სოლერმა გახსნა, მაგრამ 75-ე წუთზე ალფრედო ორტუნომ პენალტით გაათანაბრა ანგარიში. სტუმართაგან გამარჯვების გოლი რუსმა დენის ჩერიშევმა 90+3 წუთზე გაიტანა.
თამაში „ვალენსიას“ ფეხბურთელებიდან ოთხმა ფიზიკური დისკომფორტით დაასრულა და ჯერჯერობით უცნობია შეძლებენ თუ არა ისინი შაბათს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „რეალთან“ თამაშს.
ყველაზე სათუოდ ზემოხსენებული სოლერის საქმეა. მან 89-ე წუთზე ფეხი ძალიან მაღლა აწია და როგორც ჩანს კუნთი გაეჭიმა. ამ მომენტისთვის ბორდალასს შეცვლების მარაგი ამოწურული ჰქონდა და სოლერი მოედანზე დატოვა, თუმცა ნახევარმცველი ფაქტობრივად გაუნძრევლად იდგა.
ზემოთ „კარტახენას“ დარტყმული პენალტი ვახსენეთ. დომენეკმა ამ ეპიზოდში ორტუნოს დაბნევა გადაწყვიტა და დარტყმას დაჩოქილი ელოდა.
„პენალტის დროს უცნაური რაღაცების კეთება მიყვარს. შარშან ასე მესის ავუღე პენალტი და დღესაც მოგერიებამდე ცოტა დამაკლდა“, — თქვა „ჩეების“ გოლკიპერმა.
სხვა შეხვედრები: „ეიბარი“-„მალიორკა“ 1:2; „ლეგანესი“-„რეალ სოსიედადი“ 2:3; „ლინარესი“-„ბარსელონა“ 1:2; „ატლეტიკო ბალეარესი“-„სელტა“ 2:1; „მირადესი“-„რაიო ვალეკანო“ 0:1; „ვალიადოლიდი“-„ბეტისი“ 0:3; „ალკოიანო“-„რეალი“ 1:3.