„მანჩესტერ სიტი“ მზადაა თავის რეკორდსმენ ბომბარდირს სერხიო აგუეროს კლუბის ელჩობა შესთავაზოს.
არგენტინელი თავდამსხმელი 33 წლის ასაკში იძულებული გახდა კარიერა დაესრულებინა. მიზეზი: უეცრად აღმოჩენილი გულის პრობლემები.
აგუერო გასულ ზაფხულს „სიტიდან“ „ბარსელონაში“ გადავიდა, მაგრამ ოქტომბრის მიწურულს თამაშის დროს ცუდად გახდა. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ დიეგო მარადონას ყოფილ სიძეს უჯობდა აქტიური სპორტისთვის თავი დაენებებინა.
და აი, „მანჩესტერ სიტი“ მზად არის თავის ლეგენდას ღვაწლი დაუფასოს და კვლავ ხელფასიან სამსახურში აიყვანოს.
„სიტის“ ელჩები უკვე ჰყავს. უპირველეს ყოვლისა ეს არის 1968 წლის ჩემპიონი მაიკ სამერბი. მასთან ერთად კლუბის პოპულარიზაციას ეწევიან ჯოლეონ ლესკოტი, შონ რაიტ-ფილიპსი და მიკა რიჩარდსი.
დათანხმდება თუ არა აგუერო (რომელიც ახლა ურუგვაიში ისვენებს) „ქალაქელთა“ წინადადებას, ჯერ ცნობილი არ არის.
„მანჩესტერ სიტიმ“ 2021 წლის გაზაფხულზე გამოაცხადა რომ აგუეროს, ძეგლს დაუდგამს. შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა ფორვარდმა „ეტიჰედზე“ გატარებული ათი წლის განმავლობაში პრემიერლიგის ჩემპიონის ხუთი ტიტული მოიგო და 260 გოლი გაიტანა.
„სიტისთვის“ ყოფილი ფეხბურთელების ძეგლის დადგმა უცხო არ არის. „ეტიჰედზე“ უკვე დგას აგუეროს თანაგუნდელების ვინსენტ კომპანისა და დავიდ სილვას ძეგლები.