ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის პირველ მატჩში საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ფინეთს უმასპინძლა და მხოლოდ ფრეს გამორჩა – 22:22.
არადა, გამთანაბრებელი ბურთი ფინელებმა ზედ ბოლო წამზე გაიტანეს. თუმც, ჩვენი გუნდი მანამდეც არეული გამოიყურებოდა. თამაში ძალიან ცუდად დაიწყეს და 17 წუთში მხოლოდ 1 გოლი გაეტანათ. მართალია, ამ პერიოდში ჩვენი მეკარეც ყოჩაღობდა და ფინელებს მხოლოდ 4-ჯერ გაატანინა, მაგრამ ერთი გატანილიც რომ ძალიან ცოტაა?..
საქართველოს ნაკრები მოგვიანებით გაიხსნა და უკვე მე-20 წუთზე ანგარიში თანაბარი იყო. კიდევ ორ წუთში საქართველო სულაც იგებდა. თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა და თითქოს ტაიმი ჩვენებს უნდა მოეგოთ, მაგრამ ბოლო ორ წუთში მეტობაში მყოფებმა ორი ბურთი აქით გაუშვეს და 8:9 წააგეს.
შესვენების შემდეგ ფინელები ორი ბურთითაც დაწინაურდნენ, მაგრამ ჩვენმა გუნდმა იქვე ზედიზედ გაიტანა და მეორე ტაიმის მეექვსე წუთზე 13:10 დაწინაურდა. ფინელებმა ტაიმ-აუტი აიღეს და მოედანზე დაბრუნებულებმა გაათანაბრეს. მერე ისევ ჩვენებმა იყოჩაღეს და უკვე 20:16 დაწინაურდნენ.
თამაშის დარჩენამდე 10 წუთი იყო დარჩენილი. მატჩის ბედი თითქოს გადაწყვეტილი იყო, მაგრამ მოახერხეს და მეტოქეს გათანაბრების საშუალება მისცეს. თანაც ისევ კაცნაკლულებს.
ბოლო წუთზე საქართველო მაინც იგებდა, უტევდა და მეტობაშიც იყო, მაგრამ სამი წამით ადრე ფინელენმა ცხრამეტრიანი გაათამაშეს და ბურთი სირენის თანხლებით შეაგდეს – 22:22.
საქართველოსა და ფინეთის ნაკრებები 9 იანვარს უკვე ჰელსინკიში ითამაშებენ, ორმატჩიანი ფლეი ოფის გამარჯვებული კი, ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შესარჩევი ეტაპის ჯგუფში გადაინაცვლებს.