ATP CUP-ზე საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები D ჯგუფის მეორე მატჩში პოლონეთს შეხვდა და 0:3 წააგო.

ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ნაკრებს ნიკოლოზ ბასილაშვილი გამოაკლდა, რომელიც კორონავირუსის შემდეგ სასურველ ფორმაში არ არის. შედეგად, ბასილაშვილის არყოფნაში კორტზე ალექსანდრე მეტრეველი და ალექსანდრე ბაკში გავიდნენ.

რეიტინგში 972-ე ადგილზე მყოფი ბაკში 117-ე ჩოგან კამილ მაიხჟაკს დაუპირსიპირდა და საათზე ნაკლებ დროში დამარცხდა – 1:6, 1:6.

მეტრეველმა (571) კი, მსოფლიოს მეცხრე ჩოგანს, ჰუბერტ ჰურკაჩს პირველი სეტი აართვა, მაგრამ დარჩენილ სეტებში ვერაფერი გააწყო და მატჩი მეტოქეს გაატანა – 7:6, 3:6, 1:6 წააგო.

პირველი სეტი მოიგო წყვილთა დაპირისპირებაში ბაკშისა და ზურა ტყემალაძის დუეტმაც, რომელთა მეტოქეები სჟიმონ ვალოვი და იან ზელინსკი იყვნენ, მაგრამ უპირატესობა ვერც მათ შეინარჩუნეს – 7:6, 2:6, 6:10.

შეგახსენებთ, ATP CUP-ის პირველ ტურში საქართველომ ასევე მშრალი ანგარიშით – 0:3, არგენტინასთან დათმო.

საქართველოს ნაკრებს სათამაშო კიდევ ერთი მატჩი დარჩა – 5 იანვარს, საბერძნეთთან.