სულ ასეთი კარგი ამბები დაგვბედებოდეს: 2021 წლის ბოლოს ესპანურმა „ვალენსიამ“ თბილისის „დინამოსგან“ გიორგი მამარდაშვილის კონტრაქტი გამოისყიდა.
21 წლის ქართველი მეკარე ვალენსიაში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება. ცხადია, იქამდე თუ კიდევ არ მოაწონა გიორგიმ ესპანელებს თავი და კონტრაქტი გააგრძელებინა.
მამარდაშვილის მიმართ „ღამურების“ ინტერესი წინა ევროსარბიელზე წარმატებული და თავდაჯერებული თამაშის შემდეგ დაიწყო. გიორგი „დინამოს“ აღზრდილია, თუმც თბილისის „ლოკომოტივში“ გახლდათ განათხოვრებული. ესპანელებმა, ცხადია, საქმე „დინამოსთან“ დაიჭირეს და მალევე მოგვარეს – „დინამო“ მამარდაშვილი „ვალენსიაში“ გაანათხოვრა.
გიორგიმ ახალი სეზონი ახალ გუნდთან ერთად უკვე ლა ლიგაში დაიწყო. „ღამურებმა“ ის მეორე მეკარედ აიყვნეს, მაგრამ ისე მოხდა, რომ ესპანეთის ჩემპიონატის სტარტზე კარს სწორედ მამარდაშვილი იცავდა. „ვალენსიადან“ გამოიძახეს კიდეც გიორგი საქართველოს ნაკრებში…
მერე გუნდს ტრავმირებული ჰოლანდიელი მეკარე ჯასპერ სილესენი დაუბრუნდა და ჩვენიანსაც სკამზე გადაჯდომამ მოუწია. თუმც ეგ არაფერი, მთელი კარიერა წინაა.
გიორგი მამარდაშვილი ახლა უკვე „ვალენსიას“ საკუთრებაა… 2024 წლის ზაფხულამდე… წარმატებები