ესპანელ მსაჯთა ტექნიკურმა კომიტეტმა გადაწყვიტა VAR უფრო იშვიათად გამოიყენოს.
წინა სეზონებში აშკარა იყო, რომ ესპანეთში VAR-ს ყველა შესაძლო და სადავო სიტუაციაში იყენებენ. ბუნებრივია, მისი გადაწყვეტილებები გულშემატკივარს თვალში ყველაზე მეტად ლა ლიგის თამაშებში ხვდებოდა, სადაც ვიდეორეფერის მითითებით პენალტი ყველანაირი შეხების გამო დანიშნულა.
თუმცა, დაკვირვებული თვალი იმასაც შეამჩნევდა, რომ მიმდინარე სეზონში VAR მსაჯების გადაწყვეტილებებში გაცილებით ნაკლებად ერევა. ვიდეომსაჯთა ოთახიდან მატჩის მთავარ არბიტრს უფრო იშვიათად სთხოვდნენ მონიტორთან მისვლას და უკვე მიღებული გადაწყვეტილების შემოწმებას.
გულშემატკივარი ვინც ეს შენიშნა კითხულობდა, თუ რატომ შეიცვალა დამოკიდებულება VAR-ის მიმართ და აი, 2021 წლის მიწურულს ტექნიკურმა კომიტეტმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
კომიტეტის პრეზიდენტმა ლუის მედინა კანტალეხომ თქვა: „გადავწყვიტეთ აქსელერატორის პედლიდან ფეხი ავიღოთ. ამიერიდან VAR-ს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვიყენებთ თუ მსაჯმა აშკარა დარღვევა ვერ დაინახა ან ინციდენტი „ნაცრისფერ არეალში“ მოხდა, რომელსაც ის ვერ აკონტროლებდა“.