როგორ მოახერხა „ნიუკასლმა“ „მაჩესტერ იუნაიტედთან“ ვერ-მოგება, სამუდამოდ უცნობი დარჩება. არადა, ლაპარაკია გუნდზე, რომელიც პრემიერლიგიდან გავარდნის საშიშროების პირასაა და თუ საუდელმა პატრონებმა იანვრის სატრანსფერო ბაზარზე დიდძალი ფული არ მიაყარეს, გაისად სუპერგუნდის ჩამოყალიბებას ვინ ჩივის, პრემიერლიგაში დაბრუნება ექნებათ საწვალებელი.
მაგრამ, მსაჯმა ჩასტვინა, თამაში დაიწყო და „კაჭკაჭებმა“ სახელოვანი სტუმარი ლამის საკუთარი კარის ძელებს მიაჭედეს.
ამ შეხვედრაში ერთმანეთს დაემთხვა ორი რამ: „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ძალიან ცუდად ითამაშა“, „ნიუკასლ იუნაიტედმა“ კი ძალიან კარგად. შედეგად, ფრე მასპინძლებისთვის ცუდი შედეგი იყო.
არადა, „კაჭკაჭებისთვის“ თავიდან ყველაფერი კარგად აეწყო — ფრანგმა ალან სან-მაქსიმენმა ანგარიში გახსნა, მაგრამ ედი ჰაუს ბიჭებმა უპირატესობა ლოგიკურ დასასრულამდე ვერ მიიყვანეს და მატჩის დასრულებამდე 19 წუთით ადრე ედინსონ კავანიმ გაათანაბრა. კავანისთვის ეს გახლდათ მეექვსე გოლი იმ 17 მატჩში, როდესაც ის შეცვლაზე შევიდა.
და კიდევ, „იუნაიტედს“ ესპანელი მეკარის დავიდ დე ხეას დიდებულმა თამაშმა უშველა.
ინგლისური პრესა წერს, რომ თუკი „ნიუკასლმა“ ასე განაგრძო თამაში, შესაძლოა იანვარში შემადგენლობის დიდი გადახალისება აღარც კი დაჭირდეს.
რაც შეეხება „მანჩესტერ იუნაიტედს“, ვინ იცის ლეგენდარულ კლუბს ოლე გუნარ სულშერის დრო სანატრელი გაუხდეს.