„მანჩესტერ იუნაიტედის“ ბრწყინვალე ტრებლი — ტრიუმფი, რომელიც კლუბს 1998-99 წლების სეზონში ჰქონდა, მის ისტორიაში ოქროს ასოებით არის შესული. რა სიმაღლეებიც არ უნდა დაიპყრონ მანკუნიანელებმა მომავალში, 22 წლის წინ ერთ სეზონში მოგებული პრემიერლიგა, ფეხბურთის ასოციაციის თასი და ჩემპიონთა ლიგა არ გახუნდება.
ზღაპრული წარმატების გახსენებაზე გონებაში მყისვე ცოცხლდება ოლე გუნარ სულშერის, ტედი შერინგემის, დევიდ ბექემის, როი კინის, პოლ სქოულზის, პიტერ შმაიხელის სახელები. აი, შვედი ნახევარმცველი იესპერ ბლომკვისტი კი ბევრს აღარ ახსოვს.
არადა, იმ სეზონში ბლომკვისტმა პრემიერლიგის 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მართალია ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მედალი მასაც გადასცეს.
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის ლეგენდარულ ფინალს „ბაიერნის“ წინააღმდეგ, ამ შეხვედრაში იესპერ ბლომკვისტი სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ. ის შეცვალა ტედი შერინგემმა, რომელმაც ბავარიელებს ანგარიში გაუთანაბრა.
ტრიუმფის შემდეგ კი ბლომკვისტმა მუხლი იტკინა და… „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურა აღარ ჩაუცვამს.
და აი, „დეილი ტელეგრაფმა“ ბლომკვისტი გაიხსენა. აღმოჩნდა, რომ დღეს მისი ცნობა ძნელია — თმა გამუქებია და მოუშვია. ახლა ის წვერ-ულვაშიანი დადის, ხოლო რაც ყველაზე საინტერესოა, მწვრთნელის ხანმოკლე კარიერის შემდეგ თავი სულ სხვა სფეროში იპოვა — პიცერია გახსნა.
„არ დაგიმალავთ, თავიდან გამიჭირდა. ხალხი მეკითხებოდა რით ვიყავი დაკავებული, მე კი ვპასუხობდი — პიცერია მაქვს. ამას რომ ისმენდნენ, როგორც წესი თვალს მარიდებდნენ, მე კი მიწევდა ახსნა, რომ ჩემი პიცერია საუკეთესოა. ახლა შევეჩვიე. იმასაც შევეგუე, რომ უმეტესობა ასეთ გამომეტყველებას იღებს: უი, ამდენად დაეცი? მთელი ფული დაკარგე?
რას იზამ, ამ ხალხისაც მესმის, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ცხოვრებაში ჩემი ადგილი ვიპოვე. ფეხბურთელები განებივრებული ხალხია. მათ სიმდიდრე იტაცებს და ფულმა ბევრი შეიძლება გაანადგუროს კიდეც.
ასეთია რეალობა და ყოფილმა ფეხბურთელმა პრობლემებთან გამკლავება უნდა ისწავლო. ეს იოლი ნურავის ეგონება. მე გამიმართლა შვედეთის ჩრდილოეთით რომ დავიბადე და გავიზარდე, სადაც ხალხი მყარად დგას მიწაზე. იქაურებმა იციან, რომ ცხოვრებაში შედეგი მხოლოდ მუხლჩაუხრელი შრომით მოდის“.