პეპ გვარდიოლა ამბობს, რომ თუ ინგლისური ფეხბურთის შეფები გადატვირთულ კალენდარს რამეს არ მოუხერხებენ, შეიძლება გაფიცვას გამოკრან ხელი. „მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელი „ბოქსინგ დეის“ დიდი მოყვარულია. ის ინგლისში 2016 წელს ჩავიდა და მას მერე საშობაო პროგრამაში სიამოვნებით მონაწილეობს, მაგრამ ზეიმი ერთია, თამაშების დაუსრულებელი ჯაჭვი კი მეორე.

50 წლის კატალონიელი შიშობს, რომ ასე ფეხბურთელებს ჯანმრთელობა დაუზიანდებათ.

გვარდიოლა: „ამ კვირაში ყველაფერი ზომიერად არის. „ბოქსინგ დეი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა — ეს გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც პრემიერლიგა ასეთი განსხვავებული და გამორჩეულია. მაგრამ არსებობს გადატვირთული კალენდრის პრობლემა.

წელიწადში 365 დღეა. არსებობს სანაკრებო შეჯიბრებები, მასშტაბური ტურნირები, ტარდება უამრავი შეხვედრა და ეს პრობლემაა, რომელსაც გადაჭრა სჭირდება.

ფეხბურთელებს ზაფხულობით ორ-სამკვირიანი შვებულებები აქვთ და სულ ეს არის. შემდეგ ისევ სეზონი იწყება. ამას დასასრული არ აქვს.

ინგლისი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ხუთი ფეხბურთელის შეცვლა არ დაუშვა. მხოლოდ სამი! რატომ?

უეფა, ფიფა, პრემიერლიგა, ტელეკომპანიები, ბიზნესი… ყველაფერი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ფეხბურთელი.

საბოლოოდ იქამდე მივალთ, რომ მოთამაშეები და მწვრთნელები გაფიცვას მოაწყობენ.

ახლა, საშობაოდ ყველაფერი კარგად არის. ჩვენ მივალთ სტადიონზე 26,27,29,31 დეკემბერს, 1 იანვარს. იმიტომ, რომ თამაში გვინდა. გვსურს ხალხი გავახალისოთ. აქ გაფიცვის მიზეზს ვერ ვხედავთ, მაგრამ როდესაც გვემატება მსოფლიოს ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, ევროთასები, კარაბაოს თასის ორმატჩიანი ნახევარფინალი… ეს ყველაფერი ხომ მეტ თამაშს და ნაკლებ შვებულებას ნიშნავს“.