რობერტ ლევანდოვსკიმ „ბაიერნის“ მორიგი რეკორდი დაამყარა — ბუნდესლიგაში წლის 43-ე გოლი გაიტანა და ლეგენდარული გერდ მიულერის 1972 წლის შედეგს აჯობა. ეს მოხდა შეხვედრაში, რომელიც „რეკორდმაისტერმა“ „ვოლფსბურგს“ 4:0 მოუგო.

ყველა შეჯიბრებაში ერთად, ეს იყო პოლონელი ვარსკვლავის 69-ე გოლი 2021 წელს. ამდენივე ჰქონდა გატანილი 2013-ში კრიშტიანუ რონალდუს. რეკორდი კი ლეო მესის ეკუთვნის — 91 გოლი 2012 წელს.

შეგახსენებთ, რომ „ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთი“ 2021 წელს მესიმ მოიგო. მეორეზე ლევანდოვსკი გავიდა.

ლევანდოვსკიმ მაისში „დერ ბომბერს“ ანუ გერდ მიულერს სხვა რეკორდიც მოუხსნა — „აუგსბურგთან“ შეხვედრის (5:2) ბოლო წუთზე სეზონის 41-ე გოლი შეაგდო.

პოლონელმა ამჯერადაც თამაშის მიწურულს, 87-ე წუთზე გაიტანა.

თომას მიულერმა კი ბუნდესლიგაში მე-400 შეხვედრა ჩაატარა. მან საიუბილეო შეხვედრა გოლითა და საგოლე პასით აღნიშნა.