როგორც ჩანს, უეფა არავისთან არაფრის დათმობას არ აპირებს. ჯერ იყო და სუპერლიგის შექმნელებს დაერია და ტურნირი ჩაუშალა, ახლა არის და ფიფასთან კინკლაობს, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ორ წელიწადში ერთხელ არ ჩატარდეს.
ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას მხარდამჭერიც ჰყავს – კონმებოლი, სამხრეთ ამერიკის კონფედერაცია.
რამდენიმე დღის წინ ფიფამ გააჟღერა, რომ თუ უეფა და კონმებოლი მსოფლიო ჩემპიონატების ორ წელიწადში ერთხელ ჩატარებას არ დათანხმდებიან, ალტერნატიულ ვარიანტად ერთა ლიგის მსგავსი ტურნირი ჰქონდა მოფიქრებული, მაგრამ…
უეფამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ევროპის ერთა ლიგაში სამხრეთამერიკული ნაკრებები ითამაშებენ. ეს 2024 წლიდან მოხდება.
ჯერჯერობით, უცნობია, როგორი სახის ფორმატი ექნება ტურნირის რეფორმის შემდეგ.
„ეს არის ერთა ლიგის ბოლო სეზონი, რომელიც ამ ფორმატით გაიმართება. ჩვენ გვქონდა შეხვედრა კონმებოლის ხელმძღვანელებთან და 2024 წლიდან ტურნირს სამხრეთამერიკული ნაკრებები შეუერთდებიან. როგორი იქნება ფორმატი? ამაზე ვმუშაობთ. ეროვნული გუნდების კალენდარი შეზღუდულია, ასე რომ, ცვლილებებისთვის დიდი ადგილი არ გვაქვს“, – განაცხადა უეფას ვიცე-პრეზიდენტმა ზბიგნევ ბონეკმა.
როგორც ამბობენ, ერთა ლიგას კონმებოლის წარმომადგენელი ათივე ნაკრები შეუერთდება. რეიტინგის მიხედვით საუკეთესო 6 გუნდი (ბრაზილია, არგენტინა, კოლუმბია, ურუგვაი, ჩილე, პერუ) A ლიგაში ითამაშებს, ხოლო დანარჩენი ოთხი (ბოლივია, ეკვადორი, პარაგვაი, ვენესუელა) – B ლიგაში. ყველა მატჩი ევროპაში ჩატარდება, რათა კონტინენტებს შორის მგზავრობამ ისეც გადაღლილ ფეხბურთელებზე კიდევ უფრო არ იმოქმედოს.
შეგახსენებთ, რომ 2022-23 წლების სეზონის ერთა ლიგაში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და გიბრალტარი იქნებიან.