საქართველოს ნაკრების კალენდარი მოახლოვებულ ერთა ლიგის C დივიზიონში, ცნობილია.
ოთხი მატჩი ათდღიან ინტერვალში. ერთა ლიგაში 2022 წლის ივნისიდან ისეთი ამბები დაიწყება, გვერწმუნეთ, ბევრი ფეხბურთელი და უფრო მწვრთნელი დაიწყებს კრიტიკას – გადატვირთვა, ტრავმების დიდი ალბათობა, თან დამღლელი სეზონის მერე. სეზონში 65 მატჩს რომ ჩაატარებ და მერე დასვენების გარეშე ნაკრებზე გადაერთვები, არ ვიცით, რამდენად სწორია.
და აქედანვე ვიცოდეთ, რომ საქართველოზე მეტად სხვა გუნდების ფეხბურთელები დაზარალდებიან… ჩვენების უმრავლესობას ხომ ევროტურნირები არ უწევთ.
რატომ ჩასვეს მატჩები ივნისში, ეს ნათელია. სხვა დროს ვერ იქნებოდა… 2022 წლის ნოემბერში ხომ მსოფლიო ჩემპიონატი იწყება ყატარში.
როგორც იცით, ერთა ლიგის წილისყრა 16 დეკემბერს გაიმართა და საქართველო ჯგუფში ბულგარეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან და გიბრალტართან ერთად მოხვდა. კალენდარი კი ასეთია:
საქართველო გიბრალტარით დაიწყებს და დაამთავრებს. ისე მოსჩანს, რომ ეს პატარა ქვეყანა განწირულია ბოლო ადგილისთვის. მართალია, ორი წლის წინ საქართველოს იქ მოგება გაუჭირდა (3:2), მაგრამ მაინც მოიგო, ხოლო შინ 3:0 იმარჯვა… ეს კარგია, რომ მეოთხე კალათიდან ყველაზე მისაღები ვარიანტი შეგვხვდა.
პირველი კალათიდან თურქეთი ყველაზე არასასურველი იყო და აგვცდა. ალბათ, სლოვაკეთიც არ იქნებოდა კარგი, ხოლო ბულგარეთი და ჩრდილოეთ ირლანდია დაახლოებით თანაბარი გაქანების გუნდებია. ბულგარეთი გვერგო… 26 წელი გავიდა, მაგრამ დაუვიწყარია სტოიჩკოვ-კოსტადინოვ-ლეჩკოვ-ბალაკოვ-პენევებთან გამარჯვება (2:1) თბილისში. იმ დროს მსოფლიო ჩემპიონატის მოქმედი მეოთხედაგილოსნები იყვნენ, ხოლო სტოიჩკოვი სულაც მოქმედი „ოქროს ბურთის“ მფლობელი.
მაგრამ მერე? მერე კარგი აღარაფერი. ერთხელ იყო, თბილისში 12 წლის წინ 0:0 დაასრულა საქართველომ – უამრავი მომენტი შექმნეს ჩვენებმა… იმავე შესარჩევში 2:6 სოფიაში. მანამდე რამდენიმე წლით ადრე ამხანაგურში ასევე 2:6 და კიდევ, წლეულს სექტემბერში ასევე ამხანაგური 1:4.
საშინელი ანგარიშებია, მაგრამ ერთზე შევთანხმდეთ: ბულგარული ფეხბურთი კრიზისშია, მაღალი კლასის ფეხბურთელების დეფიციტი აქვთ.
ჩრდილოეთ მაკედონია – ბოლო წლებში ნაჩვენები შედეგებით და თანამედროვეობით, აი, ვინ მოსჩანს ფავორიტად. მართალია, გორან პანდევი ნაკრებიდან წავიდა, მაგრამ რამდენიმე კარგი ახალგაზრდა ჰყავთ, მათ შორის გამორჩეული კი „ნაპოლის“ ნახევარმცველი ელმასია. ნაკრების ტვინი ისაა და თუ გახსოვთ, თბილისში ავადგასახსენებელ მატჩშიც გოლი სწორედ ელმასმა შექმნა. ბოლოს პანდევმა დაასრულა.
მაკედონიელებმა ევრო 2020 ითამაშეს და ახლა მსოფლიოზე გასასვლელ ფლეი ოფშიც არიან, ანუ თავიანთ შესარჩევ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს. გერმანიას ჩამორჩნენ, მაგრამ გაუსწრეს რუმინეთს, ისლანდიას, სომხეთს, ლიხტენშტაინს… მოკლედ, ჩრდ. მაკედონია აღმავლობის გზაზეა, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ არაა ტოპ-ნაკრები. თან, თბილისური 0:1-ის გარდა, ორი 1:1-იც გვახსოვს და იმ შეხვედრებში თუ რომელიმეს უნდა მოეგო, საქართველოს.
ბრძოლა შეიძლება. რითაც დავიწყეთ, იმით დავამთავრებთ… გადამღლელი კალენდარი. და გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ტონუსს, ტრავმების აცილებას, ძალების სწორად გადანაწილებას, შემადგენლობის სწორად როტაციას.
დაახლოებით ისეა, სკოლის დროს გაკვეთილები რომ არ გვსიამოვნებდა და ზარის დარეკვა გვიხაროდა, დასვენებაზე გავსულიყავით. აქ ზარი არ დაირეკება.