დიეგო მარადონას თასზე „ბოკა ხუნიორსმა“ „ბარსელონას“ პენალტებით 4:2 მოუგო. თამაში საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში, მეფე საუდის უნივერსიტეტის სტადიონზე გაიმართა. 90 წუთი დასრულდა 1:1. თავიდან „ბარსელონა“ იგებდა.

ანგარიში მეორე ტაიმის მე-5 წუთზე ფერან ბლანკმა გახსნა. მან შესანიშნავი ბრუნით თავისგან მარჯვენა „ცხრიანში“ შეაგდო.

თამაშის დამთავრებამდე 13 წუთით ადრე „ბოკამ“ გაქვითა. მარცხენა მცველმა ფრანკ ფაბრამ ბურთი სწრაფად ატარა და საჯარომოში ესეკიელ სებალოსს გაუჭრა, რომელმაც დინამიური მომენტი შესანიშნავად დაასრულა.

შემდეგ დაინიშნა პენალტები, სადაც არგენტინელებმა მეტი სიმშვიდე და სიზუსტე გამოამჟღავნეს.

ჩავიმ „ბარსელონა“ ექსპერიმენტული შემადგენლობით ათამაშა, თუმცა მოედანზე დანი ალვეში, ერიკ გარსია, კლემენტ ლენგლე, სერჯინიო დესტი და ფილიპე კოუტინიოც ვიხილეთ.

დიეგო მარადონამ 1982-84 წლებში „ბარსელონას“ მაისურით 58 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 38 გოლი გაიტანა.

მანამდე კი დიდი დიეგო „ბოკა ხუნიორსის“ ფეხბურთელი იყო: 40 მატჩში 28 გოლი.

შემდეგ, მარადონას კარიერაში იყო „ნაპოლი“, „სევილია“, „ნიუელს ოლდ ბოისი“, რის შემდეგაც 1995 წელს „ბოკაში“ დაბრუნდა და ადრეულ მონაგარს 31 შეხვედრაში 7 გოლი მიამატა.

არგენტინის მიმდინარე წლის ჩემპიონატში, პრომერა დივიზიონში, „ბოკამ“ მეოთხე ადგილი დაიკავა. ჩემპიონი მისი მთავარი მოქიშპე „რივერ პლეიტი“ გახდა.

„ბარსელონა“ ლა ლიგის ცხრილში მე-8 ადგილზეა. სეზონის პირველი 16 თამაშიდან მხოლოდ 6 მოიგო.

ჩავის გუნდი ჩემპიონთა ლიგას ჯგუფური ეტაპიდან გამოემშვიდობა და ახლა ევროლიგაში მარადონას კარიერის უდიდეს კლუბს „ნაპოლის“ უნდა შეხვდეს.

წილი
წინა სტატიასარის კრება
შემდეგი სტატიამეფე კარი
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.