9 ოქტომბერს ვიტალი დარასელიას სამოცი წელი შეუსრულდებოდაროგორი ფეხბურთელი იყო

ვიტალის თამაში ვისაც გვინახავს, ერთხმად ვაღიარებთ, რომ ის მომავლის ფეხბურთელი იყო. ტანმორჩილი, მაგრამ ფიზიკურად უმძლავრესი. ხისტ ორთაბრძოლებში ბადალი არ ჰყავდა. იყო ცაცია და საოცარ შორეულ დარტმას ფლობდა, მაგრამ მარჯვენათიც არაერთი მაგარი გოლი გაუტანია. ალბათ ყველას ახსოვს, 13 მაისის მატჩის პირველ ნახევარში მარჯვენა ფლანგზე რეიდის შემდეგ მოედნის პირითი ხაზიდან მარჯვენა, არასამუშაო ფეხით როგორი გასწვრივი პასი გააკეთა – რიუდიგერ შნუპჰაზეს ბურთი თავში მოხვდა და ექიმებმა დანოკაუტებული გერმანელი ძლივს მოასულიერეს…

დღეს ბავშვები ეზოში ბურთზე მოხდენილად, 360 გრადუსით რომ დატრიალდებიან, უხარიათ – „ზიდანი ჩავატარეო“, და არ იციან, რომ ამ უნატიფეს ილეთს დარასელია ჯერ კიდევ 70-იან წლებში იყენებდა. და საერთოდაც, ეს იმდენად სარისკო ფინტია, რომ თუკი ბურთი შენი სხეულის ნაწილად ვერ იგრძენი, აუცილებლად დაკარგავ. ვიტალის კი ბურთი ფეხზე მიწებებულივით ჰქონდა…

ვიტალი და მარინა

ეს არაა ჩემი სუბიექტური მოსაზრება, მართლა ასეთი იყო – შეუპოვარი და ლამაზად მოთამაშე. მისი ჰეროიკულ-ტრაგიკულ ფიგურასთან სუბიექტური დამოკიდებულებაც მაქვს. იმ უბედნიერესი 1981 წლის შემოდგომიდან დღემდე საბურთალოზე ვიტალი დარასელიას ოჯახის მეზობლად ვცხოვრობ, ვიტალის მეუღლეს – ქალბატონ მარინა მამალაძეს და შვილებს – კრისტინას და ვიტალის ახლოს ვიცნობ.

მარინა მამალაძე: „ყოველ დილას, ბავშვობიდანვე სკოლის მაგივრად სახლიდან პორტამდე 3 კილომეტრს დარბოდა, თან გზაზე კი არა – სანაპიროს ქვიშაზე. ვიტალი ჩემზე ორი წლით იყო უფროსი, მაგრამ რადგან მე სკოლაში ერთი წლით ადრე შემიყვანეს, ჩვენს შორის ერთი კლასი სხვაობა იყო. ძალიან ცუდად სწავლობდა, შეიძლება ითქვას საერთოდ არ სწავლობდა, მხოლოდ ფეხბურთი და ვარჯიში აინტერესებდა, გათენებიდან დაღამებამდე სტადიონზე ბურთს აგორებდა.

ჰოდა, მე-8 კლასში ჩატოვეს თუ განზრახ ჩარჩა, კლასელები გავხდით. იმ დროს ერთმანეთს უკვე ვიცნობდით. ჩემი თაობის ყველა ბავშვი რაღაც სპორტით იყო დაკავებული, მე ცურვაში თანრიგოსანი ვიყავი და ხშირად გოგოები სკოლის ეზოში ბიჭებთან ერთად ვბურთაობდით. ერთ-ერთი ასეთი თამაშისას ჩემმა ბიძაშვილმა, რომელიც ამავდროულად ჩემი კლასელიც იყო, მითხრა: „მგონი ამ ბიჭს მოსწონხარ, პასებს სულ შენ გაძლევს“. ის ბიჭი ვიტალი იყო…

დავმეგობრდით. სხვათა შორის, მე-9 და მე-10 კლასებში სწავლა დაიწყო და სკოლაც ნორმალურად დაამთავრა.

მთელი ეს პერიოდი სიყვარული იმდენად სერიოზულ რამედ მიგვაჩნდა, რომ მხოლოდ ვმეგობრობდით.

მერე ვიტალი „დინამოში“ მიიწვიეს, 19 წლისა იყო… და აი, ამ მომენტში ვიგრძენით ორივემ, რომ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეგვეძლო. გავიპარე, თან არ იკითხავ, როგორ? მამასთან ერთად ოჩამჩირიდან თბილისისკენ მატარებელს გამოვყევი, რომელშიც ვიტალის მეგობარი ვალერა ძებისაშვილიც მგზავრობდა. მითხრა, გორში ჩახვალ მატარებლიდან, იქ დაგხვდებიან და თბილისში ვიტალისთან ჩაგიყვანენო.

მამაჩემს რომ გაეგო, რას ვაპირებდი, მომკლავდა (იცინის), ამიტომ ბარგი კუპეში დავტოვე და პასპორტის ამარა წამოვედი. ზამთარი იყო და ლამის გავიყინე, მაგრამ სადგურთან გორის გუნდის მწვრთნელი დამხვდა და თბილისში თავისი „ჟიგულით“ წამიყვანა. დიღომში კი, ვიტალისთან მთელი მისი სამეგობრო შეიკრიბა – შამპანურების ბათქა-ბუთქით დამხვდნენ“.

კრისტინა და ვიტალი-უმცროსი

„მერე დაიბადა ჩვენი უფროსი შვილი“, – აგრძელებს ქალბატონი მარინა, – „ბიჭს ველოდებოდით, მაგრამ გოგო დაიბადა.

სხვათა შორის, სახელი მასაც ვიტალიმ შეურჩია. „მასაც“ იმიტომ, რომ ბიჭს ვიტალი როგორ დაარქვა, ყველამ კარგად იცის – ნეაპოლში თამაში ჰქონდათ და დათქვა, ვინც დღეს გოლს გაიტანს, ჩემს ახალშობილ ბიჭს იმის სახელს დავარქმევო. და თავად გაიტანა…

ვიტალი დარასელია | Lelo.Geგოგო რომ შეგვეძინა, მომზადებულები არ ვიყავით, წესით თემური უნდა დაბადებულიყო – ჩვენი მეჯვარის, თემურ ესებუას საპატივცემულოდ. ამიტომ გოგოს სახელი მოსაფიქრებელი გაგვიხდა, ვიტალიმ მალევე გადაწყვიტა – კრისტინა იქნებაო. სახლში კედელზე უზარმაზარი პლაკატი გვეკიდა, რომელიც მან გერმანიიდან ჩამოიტანა. ზედ ულამაზესი ქალი იყო გამოსახული, ეტყობა მსახიობი იყო, სახელად კრისტინა, გვარი აღარ მახსოვს. იდეა მეც მომეწონა და ასე დაერქვა ჩვენს გოგონას სახელი. ვიტალი ოცნებობდა, ჩემს კრისტინასთან ერთად რუსთაველზე რომ გავივლი, ვერავინ იფიქრებს, რომ ჩემი ქალიშვილიაო. მაშინ თავად ხომ მხოლოდ 19 წლის იყო…“.

„საკუთარ თავზე განუწყვეტლივ მუშაობდა“

იმ დროს დიღომში, ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობდით და დიუსელდორფში წასვლამდე ჩვენთან ვიტალის მეგობრები შეიკრიბნენ. მეკარე იურა მამინაშვილმა და „დინამოს“ დუბლებში მოთამაშე, უკვე ხსენებულმა ვალერა ძებისაშვილმა ვიტალის მთელი სერიოზულობით უთხრეს – თუ წააგეთ, აღარ ჩამოხვიდე, არ გაპატიებენ, გინებით სიცოცხლეს გაგიმწარებენო და ვიტალიც აჰყვა – ჰო, თუ წავაგეთ, ალბათ დავრჩებიო. პატარა გოგო ვიყავი, გამოუცდელი. ლამის გადავირიე – დავიჯერე, იმიტომ რომ ყოველი წაგების მერე გულშემატკივარი ბიჭებს მართლაც არ ინდობდა, ზოგიერთი გინებასაც არ ერიდებოდა. შეამჩნიეს, რომ სერიოზულად მივიღე მათი ხუმრობა და სიცილი აუტყდათ.

მაგრამ გულში მაინც ჩამრჩა. ირგვლივ ხალხმა იცოდა, რომ ამა და ამ ბინაში ვიტალი დარასელია ცხოვრობს და როცა ფინალის ტრანსლაცია დაიწყო, ფარდები საგულდაგულოდ გადმოვწიე – არ მინდოდა, წარუმატებლობის შემთხვევაში გინება გამეგო.

ფინალი, თასი, მცირე თასი და აეროპორტში დახვედრა

ვიტალიმ თავისი გიჟური გოლი გაიტანა და მომდევნო ოთხი წუთი მთელმა საქართველომ ლოცვაში გაატარა, მოხდა ის, რაზედაც ქართველ ფეხბურთელთა და მათ გულშემატკივართა მრავალი თაობა ოცნებობდა!

აფხაზეთში ვიტალი დარასელია გაიხსენეს - JAMnews„დინამომ“ თასი მოიგო, რომელიც საშა ჩივაძემ აღმართა, ხოლო ვიტალი დარასელიას, როგორც გადამწყვეტი გოლის ავტორს, გადაეცა ინდივიდუალური ჯილდო – თასების მფლობელთა თასის მცირე ზომის ასლი. ცნობისთვის, ამ თასში 450 გრამი შამპანური ან ღვინო ეტევა, ხოლო ამობრუნებულ მდგომარეობაში, თასის სადგამში 50 გრამი კონიაკი ჩადის – გააჩნია, ვინ რითი ილოცებოდა. თბილისში ჩამობრძანების შემდეგ ამ ჯილდოს კარგა ხანი მოუწია სასმისის ფუნქციის შესრულება.

„აეროპორტში დასახვედრად ვიტალის ერთ-ერთი ძმაკაცის „ვოლგით“ 3 საათით ადრე წავედით. მისი კიდევ ერთი ძმაკაცი და ჩვენი კრისტინას ნათლია აეროპორტის საბაჟოს უფროსი იყო და მან სწორედ საბაჟოს ოთახში შეგვიყვანა. თანდათან იქაურობა ხალხით გაივსო, აეროპორტის ძველი შენობის წინამდებარე მოედანი მანქანებით გადაიჭედა. მოედანი კი არა, ხალხი წინ რომ ვეღარ მიიწევდა, მანქანებს ტრასაზევე ტოვებდა. მთელი ეს ხალხი აეროპორტის შენობაში და მოედანზე ხომ ვერ დაეტეოდა და საბაჟოზეც შემოაღწიეს, თან ისე, რომ ფანჯარაზე მიგვაჭყლიტეს.

თბილისში რომ ჩამოფრინდნენ, აეროპორტმა ერთიანად იხუვლა და ის არანორმალური ხმაური დღესაც ჩამესმის ყურში. საბაჟოს ფანჯრიდან გადმოგვახტუნეს და თვითმფრინავთან როგორღაც მივედით. იქ ხომ სრული სიგიჟე სუფევდა – ბიჭები ხელში აიტაცეს და ასე კარგა ხანს აბურთავეს. რაღაცნაირად ვიტალი ლამის ხელიდან გამოვგლიჯეთ ამ გაგიჟებულ ადამიანებს, საბაჟო კონტროლიც გამოვიარეთ და მანქანაშიც ვსხდებოდით უკვე, როცა ვიღაცამ განწირული ხმით დაიყვირა: „ვიტალი დარასელია მიდიიის!!!“. ჰოდა მთელი ეს მასა ახლა ჩვენსკენ წამოვიდა. ყველა ვიტალის ეფერებოდა, ხელებს უკოცნიდნენ, ვიღაც მოხუცმა საათი მოიხსნა ხელიდან და ვიტალის აძლევდა. გადაირია ბიჭი, ძალიან უხერხულად გრძნობდა თავს. როგორღაც მანქანაში ჩავსხედით, ვიტალის მეგობარმა მანქანა დაქოქა, მაგრამ ვერ დაძრა. თურმე უკან ხალხს აუწევია ეს ამხელა „24“ და ბორბლები ჰაერში ტრიალებდა. ხვეწნა-მუდარის შემდეგ „გაგვათავისუფლეს“ მაგრამ ალბათ ასე 100 მანქანა მაინც აგვედევნა. სახლში კი ძმაკაცები დახვდნენ ყანწებით.

ხსოვნა მუზეუმში |საკრალური რიცხვი „13“

ვიტალი დარასელიას რიცხვი „13“ უყვარდა – ჩემთვის ბედნიერება მოაქვსო. 13 მაისი ხომ ცალკე თემაა და ყველა ნაკრებში – ახალგაზრდულ თუ ეროვნულში ცდილობდა, 13-ნომრიანი მაისურა დაესაკუთრებინა. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატზეც, ესპანეთშიც სწორედ ამ ნომრით ითამაშა.

მაგრამ იმავე წლის 13 დეკემბერს ვიტალი დაიკარგა…

ჩემს სკოლაში ყველამ იცოდა, რომ დარასელიების მეზობლად ვცხოვრობ და დილით ლამის მთელი სკოლა გარეთ მელოდებოდა ხოლმე. „ხომ არ გამოჩენილა? რამე ახალი ხომ არაა?“ – დაახლოებით ასეთი შინაარსის კითხვებით მხვდებოდნენ. რა უნდა მეთქვა? მე კი არა, ქვეყანამ არაფერი იცოდა. საკმაო ხანი იყო გასული, მაგრამ ვიტალი არ ჩანდა. ერთ დღესაც, სკოლაში წასვლამდე აივნიდან დარასელიების სადარბაზოსკენ გადავიხედე და ჰოი, საოცრებავ! დავინახე წითელი „06“, ზუსტად ისეთი, როგორიც მას ჰყავდა, თან ამ მანქანიდან თავად გადმოვიდა თავისი ყავისფერი „დუბლიონკით“. აღარც დავაკვირდი, სკოლაში თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი და ყველას სასიხარულო ამბავი მოვახსენე. შვებით ამოვისუნთქეთ, მაგრამ სკოლიდან მობრუნებულმა აღმოვაჩინე, რომ უნებლიე ტყუილი გამომივიდა: ის „06“ დავით მუჯირისა იყო, მანქანიდანაც ისეთივე „დუბლიონკით“ სწორედ ის გადმოვიდა და მე სასურველი რეალურად აღვიქვი. იქვე საშა ჩივაძის ცისფერი „07“ იდგა, ოდნავ მოშორებით – ყიფიანის „24“, ხოლო თავად დათო დარასელიების სადარბაზოსთან სკამზე იჯდა და ტიროდა…

ყველაფერს მივხვდი. 13 დეკემბრიდან 13 დღე იყო გასული…