„რეალმა“ „ატლეტიკოს“ 2:0 მოუგო და ლა ლიგის ცხრილში რვა ქულით დაწინაურდა. მისი მდევარია „სევილია“.

„სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართულ შეხვედრაში „თეთრებს“ გამარჯვება აშკარად მეტოქეზე მეტად სწყუროდათ. კარლო ანჩელოტის გუნდმა როგორც პირველ, ასევე მეორე ტაიმში თავისი წილი შანსი გამოიყენა. ის მეოთხე ადგილამდე დაქვეითებულ „ატლეტკოს“ ახლა 13 ქულით უსწრებს.

ანგარიში ქარიმ ბენზემამ გახსნა. მან პირველ ტაიმში ვინისიუს ჟუნიორის პასს საუცხოო დარტყმა მიაყოლა და ულამაზესი გოლი შეაგდო. შეგახსენებთ, რომ მადრიდულ დერბიში ფრანგის მონაწილეობა ტრავმის გამო სათუო იყო. პირველი ტაიმის მერე ის შეცვალეს კიდეც.

„ატლეტიკოს“ მეორე ტაიმში შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ პირიქით მოხდა, ბურთი ისევ მის კარში გავიდა: პასის ავტორი ისევ ვინისიუსი იყო, გოლისა კი მარკო ასენსიო.

დერბიში თავი „რეალის“ ბელგიელმა მეკარემ ტიბო კურტუამ გამოიჩინა.

შემდეგ ტურში „რეალი“ „კადისს“ მასპინძლობს, „ატლეტიკოს“ კი სევილიაში ელის ურთულესი მატჩი.

„პირველ გოლამდე თანაბარი თამაში იყო, მომენტს ვერც „რეალი“ ქმნიდა და ვერც ჩვენ. შემდეგ, მეტოქემ იძალა და თამაშის ბედი გადაწყვიტა. მან ცხრილში დიდი უპირატესობა მოიპოვა, თუმცა წინ კიდევ ბევრი თამაშია. ლა ლიგას რთული შეჯიბრება აქვს, ასე რომ ახლა გვიჯობს მომდევნო მეტოქეზე გადავიტანოთ ყურადღება“, — თქვა მატჩის შემდეგ „ატლეტიკოს“ მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ.

„რეალის“ თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ კი თავისი გუნდის გამარჯვებაში ლუკა მოდრიჩის დიდი წვლილი დაინახა:

„ის იმდენად ეფექტური იყო, რომ თამაშის შემდეგ, გასახდელში პირადად მივულოცე. ზუსტად არ მახსოვს რა ვუთხარი, მაგრამ მთელი შეხვედრის განმავლობაში, როდესაც ბურთს ფლობდა ძალიან კარგი იყო, ხოლო უბურთოდ — უბრალოდ ფანტასტიკური“.