ინგლისში გადაწყვიტეს, რომ მომდევნო კვირიდან სტადიონების შესასვლელებთან ამორჩევით შეამოწმებენ, აქვთ თუ არა გულშემატკივრებს კოვიდ-პასპორტი.

წესი ასეთია: ოთხშაბათიდან ყველა, ვინც ფეხბურთის სანახავად 10 ათასზე მეტი ტევადობის მქონე სარბიელზე მიდის, მზად უნდა იყოს შესვლისას საბუთის საჩვენებლად. საბუთში უნდა ეწეროს, რომ მაყურებელი ან ორჯერ არის აცრილი ან ბოლო 24 საათში ტესტი გაიკეთა და ავად არაა.

ზემოთ ნახსენები ინფორმაცია — არჩევით შემოწმებასთან დაკავშირებით — „დეილი მეილმა“ შეიტყო. ყველა რომ შეამოწმონ, შესასვლელებში საცობები შეიქმნება და კოვიდი შეიძლება უარესად გავრცელდეს.

პრემიერლიგა ამბობს, რომ მთავრობასთან რიგ წვრილმანებზე ჯერ კიდევ აწარმოებს მოლაპარაკებას.

საინტერესო რამ მოიფიქრა „ბარნლიმ“. მან სტადიონზე მიმავალ გულშემატკივარს covid 19-ის სტატუსის შესახებ წინასწარი რეგისტრაცია მოსთხოვა.

პრემიერლიგის ზოგიერთ კლუბს კი სტადიონზე მომავალი გულშემატკივრის კოვიდზე შემოწმება ადრეც უცდია. ეს მათი კერძო ინიციატივა იყო. ზოგი მხოლოდ სტუმარ გულშემატკივარს ამოწმებდა.

ინგლისური პრესა წერს, რომ არ არის გამორიცხული ზოგიერთმა კლუბმა მაინც სცადოს უკლებლივ ყველა გულშემატკივრის შემოწმება. სავარაუდოდ, ამას ის კლუბები მოახერხებენ, რომლებსაც მცირე ტევადობის სტადიონები აქვთ.

ბრიტანეთში, დახურული სივრცეების უმრავლესობაში, პირბადის ტარებაც კვლავ სავალდებულო ხდება.