„შავმა ლომმა“ „ევროპის რაგბის“ სუპერთასის ჯგუფურ ეტაპზე მესამე გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა.
პირველმა ქართულმა სარაგბო ფრენჩაიზმა „ავჭალაზე“ რუსეთის ჩემპიონ „ენისეის“ უმასპინძლა და 27:20 დამარცხა, თავად 4 ქულა მიიღო, მაგრამ მთავარ კონკურენტსაც გაატანა ერთი სანუგეშო ბონუსი. არადა პირველი ტაიმი „შავმა ლომმა“ 18:6 მოიგო და შესვენებაზე რიცხობრივ მეტობაში გავიდა, რადგანაც ციმბირელთა მეორეხაზელი ქართული მოლის ჩაქცევისთვის გაასინბინეს. თითქოსდა, მეორე ნახევარში ჩვენს გუნდს მესამე ლელოს დადებასა და ბონუსის მიღებისთვის უნდა ებრძოლა, მაგრამ შაბათს გიორგი ბაბუნაშვილს დარტყმა რომ არ წასვლოდა, ალბათ ზოგადად გამარჯვებაც სანატრელი გაგვიხდებოდა.
ანგარიში მე-10 წუთზე სწორედ ქუთაისელმა მგეზავმა გახსნა – 3:0.
ზუსტად ერთ წუთში კი ლამაზი ქართული მარაო მარცხენა კუთხესთან სანდრო თოდუამ ბურთის დამიწებით დააგვირგვინა, მაგრამ, სამწუხაროდ, ბორჯღალოსანი გარემარბი იმ მომენტში დაშავდა და თამაში ვეღარ გააგრძელა. ბაბუნაშვილმა კი რთული გარდასახვა მიზანს ააცილა. ეს იყო გიორგის პირველი და უკანასკნელი არაზუსტი დარტყმა – შემდგომში მის მიერ შესრულებული 4 ჯარიმა და ერთი გარდასახვა უნაკლო გახლდათ.
გარდასახვა კი შალვა მამუკაშვილის ლელოს მოჰყვა, რომელიც 38-ე წუთზე უკვე კაცნაკლულ სტუმართა ლელოში ჩვენს მოლს შეუძღვა. ტაიმი ამით დასრულდა – 18:6, მეორე ტაიმის დებიუტში ბაბუნაშვილმა უპირატესობა 15 ქულამდე გაზარდა – 21:6, შემდეგ კი ნოდარ ჭეიშვილი გაგვიძევეს, რამაც თამაში საკმაოდ დაძაბა. 51-ეზე სტუმრები კიდევ ერთხელ დაჯარიმდნენ და ბაბუნაშვილმა ამჯერადაც ივარგა – 24:6.
ამის შემდეგ კი, ქართული შერკინება ერთიანად მოიშალა. მამუკაშვილის ნაცვლად თამაშში ჩართულმა გოგა ხუროშვილმა და ჭეიშვილის შემცვლელმა მიხეილ ბაბუნაშვილმა ბურთის დერეფანში შეგდებისას მიჯრით რამდენიმეჯერ დაკარგეს ბურთი და ამ ფაქტორმა თამაშის ჩარხი წაღმა დაატრიალა. ჯერ სამხრეთაფრიკელმა ფრიდლე ულიფიემ დაგვიდო ლელო, რომელიც სულაც 100%-იანი სიზუსტით დამრტყმელმა რავილ გაისინმა გარდასახა (24:13), ხოლო 64-ე წუთზე გიორგი ბაბუნაშვილმა 14-ქულიანი უპირატესობა შეგვიქმნა – 27:13.
ამის მერე „შავ ლომს“ ჯიუტად გადაჰქონდა ბურთი აუტში და ასევე ჯუტად აგებდა საკუთარ დერეფნებს. ხუროშვილის მოწოდებული ხუთივე აუტი მეტოქემ მოგვიგო, რამაც მწვრთნელთა მოთმინების ფიალა გაავსო და ხუროშვილის ნაცვლად მამუკაშვილი დააბრუნეს, ხოლო მიშა ბაბუნაშვილი დაშავდა და თამაშში ლაშა ჯაიანი დაბრუნდა.
თუმცა, სიტუაცია არც ამის მერე გამოსწორდა, ჩვენს დერეფნებს კვლავ „ენისეის“ შეტევის საწყისი ფაზა ხდებოდა და ერთ-ერთი ასეთი სულელური შეცდომა დავით მესხის ლელოთი დაგვირგვინდა, მოგეხსენებათ, ეს ქართველი გარემარბი რუსეთის ჩემპიონის ღირსებას იცავს. გაისინმა არც ამ ჯერზე ააცილა და სტუმართა ჩამორჩენა ქართველებისთვის უკვე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა – 20:27 და იმის ნაცვლად, რომ „შავ ლომს“ ეზრუნა სამლელოიანი უპირატესობის მოპოვებაზე, პირიქით, „ენისეიმ“ მიიღო 7 და ნაკლები ქულის სხვაობით წაგებისთვის კუთვნილი ბონუსი.
„შავ ლომი“ 15 ქულით პირველ ადგილზეა, მეორეზე 13 ქულით „თელ-ავივ ჰითია“, რომელმაც პარასკევს რუსთავში „ლოკომოტივ-პენზა“ ბონუსით, 33:14 დაამარცხა, ხოლო „ენისეი“ მესამე ადგილზეა და მას 12 ქულა აქვს.
15 დეკემბერს, ავჭალაშივე, „თელ-ავივ ჰითი“ „ენისეის“ უმასპინძლებს, ხოლო 18-შე „შავ ლომს“ წესით ფეთაჰ-თიკვაში უნდა დახვდეს, მაგრამ არის შანსი, რომ ეს მატჩიც თბილისში ჩატარდეს.