გთავაზობთ ესპანური გაზეთის AS-ის მოსაზრებას, რომელიც „ბარსელონაში“ შექმნილ მდგომარეობას, უფრო სწორედ კი მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენსა და ფრენკი დე იონგს ეხება. გაზეთს მიაჩნია, რომ გერმანელი და ჰოლანდიელი კატალონიის დედაქალაქში განტევების ვაცებად მოიაზრებიან და ჩემპიონთა ლიგაში განცდილი მარცხის გამო ჯოხს მათზე გადატეხენ.
AS თემას აზოგადებს და წერს, რომ „ბარსას“ განტევების ვაცების პოვნა ახასიათებს. ბოლო წლების გახმაურებულ ჩავარდნებს ტურინში, რომსა თუ ლივერპულში ყოველთვის მოსდევდა დამნაშავის ძიება და ამ ძიების შედეგად, როგორც წესი ვეტერანებს პოულობდნენ: ხან პიკეს, ხან ბუსკეტსს, ალბას თუ სუარესს. ასე განსაჯეთ თავად მესისაც კი მოხვედრია.
ახლა, მიზანში ტერ შტეგენი და შედარებით ახალგაზრდა დე იონგი ჰყავთ ამოღებული.
AS-ს აზრით, „ბარსელონას“ კარგა ხანია აღარ ჰყავს ლიდერი. რასაკვირველია, ელიტური, ძლიერი ფეხბურთელები გუნდს არასდროს აკლდა, მაგრამ კარლეს პუიოლის წასვლის შემდეგ, ფიგურა, რომელიც გასახდელში ომახიან სიტყვას იტყვის, აღარ ჩანს. ლაპარაკია მორალურ ავტორიტეტზე, რომლის როლი ვერც ინიესტამ იკისრა, ვერც რაკიტიჩმა, სუარესმა თუ მესიმ.
ტერ შტეგენმა და დე იონგმა კი AS-ის აზრით არათუ გასახდელში ვერ შეასრულეს ყოჩის ფუნქცია, არამედ მოედანზეც დასუსტდნენ.
მეკარე თანდათანობით კარგავდა ფორმას, რაც ან მუხლზე გადატანილი ორი ოპერაციის ბრალი იყო, ან ფსიქოლოგიური ფაქტორის. ადრე ითვლებოდა, რომ „ბარსელონას“ ჰყავს გოლკიპერი, რომლის წყალობით ათი წელი საიმედოდ ჩაივლის, დღეს კი გუნდს ხელში შერჩა უბრალოდ ტერ შტეგენი, რომელმაც თამაშის დროს მერყეობის გამო უკვე ბევრი შეცდომა დაუშვა.
„კამპ ნოუს“ იმედი გაუცრუა დე იონგმაც. მას ორთავა კუნთის პრობლემა ჰქონდა. შესაძლოა ამან დაასვა ჰოლანდიელს დაღი, მაგრამ ფაქტია, რომ მისი თამაში რაც დრო გადის მით უფრო უფერული ხდება.
ეჭვი აღარავის ეპარება, რომ დე იონგი მედროშედ არ ვარგა, მაგრამ მედროშეობა იქით იყოს და ისეთი ფეხბურთელიც ვეღარ არის, იანვრიდან მარტამდე რომ იყო — თასის ფინალში შესანიშნავად რომ ითამაშა. „აიაქსისა“ და „ბარსელონას“ შემადგენლობაში დე იონგმა ჩემპიონთა ლიგაში 45 შეხვედრა ჩაატარა და… ერთი გოლიც ვერ გაიტანა.
და ასეთი მსჯელობის შემდეგ AS ასკვნის: „ბარსელონაში“ ტერ შტეგენი და დე იონგი ხელშეუხებლები აღარ არიან, ფასი კი იცოცხლე ადევთ (Transfermarkt-ის მიხედვით მეკარე 55 მილიონი, ნახევარმცველი კი 90 მილიონი ევრო ღირს), რაც იმას ნიშნავს, რომ კატალონიური კლუბისთვის ორივეს გაყიდვა მომგებიანი იქნება.