ასე ადრე „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგიდან 21 წელიწადია არ გავარდნილა. „ბლაუგრანამ“ მიუნხენში, „ბაიერნთან“ 0:3 წააგო, არადა ეს იყო შეხვედრა, რომელიც აუცილებლად უნდა მოეგო. „ბლაუგრანა“ შეჯიბრებას ჯგუფური ეტაპიდან დაემშვიდობა.

თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ ამ მატჩის ანტიგმირი იყო, ეს გახლდათ 29 წლის ნაქები გერმანელი მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, რომელმაც პირველი გოლის დროსაც ვერ ითამაშა მთლად ყოჩაღად, მეორე გოლის ეპიზოდში კი ლეროი სანეს შორიდან დარტყმულს უბრალოდ ხელი ვერ დაახვედრა სწორად.

იმავე საღამოს, კატალონიელთა კონკურენტმა „ბენფიკამ“ კიევის „დინამოს“ 2:0 მოუგო.

ანგარიში 34-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკის პასით თომას მიულერმა გახსნა. გოლი იყო თავური და უჩვეულო. ეს გახლდათ მიულერის 50-ე შედეგიანი დარტყმა ჩემპიონთა ლიგაში.

მეორე ტაიმი რომ დაიწყო, სანეს შეეძლო კიდევ ერთი გოლის შეგდება, მაგრამ ბურთი გაწოლილ ტერ შტეგენს მიუგორა ხელებში. ასეთ შემთხვევებზე ამბობენ, ვერ-გატანა გატანზე ძნელი იყოო.

თუმცა, ამ შეხვედრაში, სტუმრების კარში ბურთი მესამედ მაინც შევარდა და ეს ჯამალ მუსიალამ გააკეთა. საგოლე პასი მას პირითი ხაზიდან ალფონსო დევისმა მიაწოდა.

„ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მეორე ადგილზე გასული ლევანდოვსკი უკმაყოფილო დარჩა — ვერც გოლი გაიტანა და ადრეც (77-ე წუთზე) შეცვალეს. სამაგიეროდ, „ბაიერნმა“ „აიაქსისა“ და „ლივერპულის“ მსგავსად ჯგუფურ ეტაპზე ექვსიდან ექვსივე შეხვედრა მოიგო.

„ბარსასთვის“ კი დასრულდა კოშმარი, რომელშიც ამ ამბიციურმა გუნდმა მხოლოდ 2 გოლი გაიტანა, 9 კი გაუშვა. ბოლოს „ბლაუგრანა“ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში 2000-01 წლების სეზონში ვერ გავიდა.

იმ წელიწადს, „ბარსას“ ნახევარდაცვაში მთავარი ფიგურა პეპ გვარდიოლა იყო, გუნდის დღევანდელი თავკაცი ჩავი კი 20 წლის დამწყები მოთამაშე გახლდათ.

მესამე ადგილზე გასული „ბარსელონა“ ევროლიგაზე გადაერთვება.