საქართველოს ნაკრების მესამეხაზელებმა ბექა გორგაძემ და ბექა საღინაძემ საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-12 ტურში თავი გამოიჩინეს და პირადი ანგარიში თითო გატანილ ლელოთი გაზარდეს.

No description available.გორგაძემ თავის ახალ კლუბ „პოში“ სულაც სადებიუტო ლელო დადო. საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი „ტულონთან“ საშინაო მატჩში 50-ე წუთზე ჩაერთო და ბასკთა ბოლო შეტევაში ანგარიში გაათანაბრა – 16:16. შერკინებიდან ბურთი თავად წაიღო, კინაღამ ლელო დადო, მაგრამ რაქში გაგრძელებული შეტევა ბურთის ატაცებით და ხაზს იქით გადადებით მაინც დაასრულა. 25 წლის ბექა გორგაძის ფრანგულ კარიერაში ეს იყო მე-8 ლელო, თუმცა, ტოპ 14-ში – მხოლოდ მეორე, მიუხედავად იმისა, რომ ბორჯღალოსანი 8 ნომერი საფრანგეთის მთავარ სარაგბო ლიგაში თავის მე-4 სეზონში 28-ე მატჩს ატარებდა.

აი, 23 წლის საღინაძე კი ტოპ 14-ის დებიუტანტია და მართალია, რომ მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა „ლიონის“ შემადგენლობაში, მეორე ლელოს მითვლა მანაც მოასწრო. „ბრივის“ განადგურებაში (41:0) ბექამ 80-წუთიანი წვლილი შეიტანა. ის იმდენად პროდუქტიული იყო, რომ ავტორიტეტულმა სარაგბო გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ ქართველი ფლანკერი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა – უკვე მეორედ! 70-ე წუთზე ბექა წინ გადაკიდებულ ბურთს მიყვა, მცველისთვის უიღბლო ასხლეტით ისარგებლა და ლელოში დაუბრკოლებლად შეირბინა.

სხვათა შორის, დამარცხებულთა შორის ერთბაშად ხუთმა ქართველმა ითამაშა, მაგრამ თავი ვეცერთმა ისახელა და „ბრივმა“ სეზონში უდიდესი მარცხი იგემა – 0:41. ვანო კარკაძემ (1-53 წთ), ლუკა ჯაფარიძემ (1-53), ვასილ ლობჟანიძემ (1- 53, 70-80), თედო აბჟანდაძემ (1-80) და ოთარ გიორგაძემ (62-80) გამძვინვარებულ „ლიონს“ აბსოლუტურად ვერაფერი დაუპირისპირეს

სხვათა შორის, კიდევ ერთმა ბორჯღალოსანმა „პოსა“ და „ტულონის“ მატჩში ითამაშა – ბექა გიგაშვილი სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო, 50-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა 77-ეზე მოედანზე დააბრუნეს.

No description available.„ბიარიცი“ კლერმონში 11:39 დამარცხდა და ბოლო ადგილზე დარჩა. მის რიგებში ლუკა აზარიაშვილმა საწყისი 54 წუთი ითამაშა, ხოლო თორნიკე ჯალაღონიამ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

„კასტრმა“ „რასინ-92“-ს ბონუსით მოუგო (25:3) და მის რიგებში ბოლო 20 წუთი ლევან ჩილაჩავამ ითამაშა, ხოლო პარიზელთა შემადგენლობაში გურამ გოგიჩაშვილმა (1-54) და „ბარბაროსების“ გაუქმებული მატჩიდან დაბრუნებულმა გია ხარაიშვილმა (59-80) იასპარეზეს.

„მონპელიემ“ „პერპინიანი“ ასევე ბონუსით – 30:6 დაამარცხა. სტუმართა სასტარტოში გამოჯანმრთელებული გიორგი თეთრაშვილი იყო ვინც 47-ე წუთზე შეცვალეს მაგრამ ბოლო წუთებზე გასინბინებული დუდუ ქუბრიაშვილის ნაცვლად მინდორზე დააბრუნეს. ვეტერანი ქართველი ბურჯი თამაშში 50-ე წუთზე იყო ჩართული და 73-ეზე ოპონენტთან ერთად, წაჩხუბებისთვის გააძევეს.

„სტად ფრანსემ“ „ლა როშელს“ 25:20 სძლია და ბონუსი გაატანა. გიორგი მელიქიძემ დედაქალაქელთა შემადგენლობაში პირველიდან 48-ე წუთამდე ითამაშა, ვასილ კაკოვინი შეცვლაზე სწორედ ამ დროს შევიდა, ხოლო სტუმართა შორის 51-ეზე გურამ პაპიძე გამოჩნდა.

დაბოლოს, ლიდერის შეცვლის შესახებაც ვთქვათ. ლექსო ყაულაშვილი 50-ე წუთზე გამოჩნდა „ბორდოს“ შემადგენლობაში, რომელმაც საკუთარ „ჟოფრუა გიშარზე“ ჩემპიონ „ტულუზს“ 17:7 მოუგო და მეტოქეს 2 ქულით გადაუსწრო. „ბორდო სატურნირო ცხრილს 42 ქულით ლიდერობს.